7 ივნისი, 2016

თინათინ ვარდანაშვილი გარდაიცვალა

tina1მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მსახიობი არ იყო, ხათუნა – ლანა ღოღობერიძის ფილმში “როცა აყვავდა ნუში” და ნელი – ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში “ჩარი რამა”, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ თინათინ ვარდანაშვილი ფართო საზოგადოებას გაეცნო და შეეყვარებინა.

ამ ფილმების გარდა, თინათინ ვარდანაშვილი რეზო ჩხეიძემ თავის ორ ფილმში “რაიკომის მდივანი” და “დონ კიხოტი” გადაიღო, სადაც ეპიზოდური როლები შესთავაზა.

იმ პერიოდში რეჟისორები სკოლებში დადიოდნენ და თავიანთი ფილმებისთვის მსახიობებს ეძებდნენ. ასე მოხვდა კინოში 16 წლის თინათინ ვარდანაშვილიც.

სრულიად ახალგაზრდა გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა ჭაბუა ამირეჯიბის, სესილია თაყაიშვილის, დოდო აბაშიძის, ლენა ყიფშიძის გვერდით. მისი პარტნიორები იყვნენ ზურა ყიფშიძე, თემურ ჩხეიძე, გოგი ქავთარაძე…

tinatin123

როდესაც ლანა ღოღობერიძის ფილმი “როცა აყვავდა ნუში” ეკრანებზე გამოვიდა, ქალბატონ თინათინს ქუჩაში აჩერებდნენ და ეკითხებოდნენ, თქვენ ხათუნა არ ხართო?

ქალბატონმა თინათინმა მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა სილამაზე და სიცოცხლის ბოლომდე გრძნობდა მაყურებლის უზომო სიყვარულს.