რა არის სამშობლო? – ამ კითხვაზე ალბათ თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც სიღრმისეულად გვიფიქრია და გარკვეული მსჯელობის შემდეგ, ჩვენებური დასკვნებიც გაგვიკეთებია.
თუ რა არის სამშობლო, ამას “არტინფო” ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი ჩანახატის ნაწყვეტით წარმოგიდგენთ:
“სამშობლოა თბილისის პატარა უბანი, დილიდან საღამომდე რომ ვერ გახვალ ქუჩის ბოლომდე, იმდენი მეგობარი შეგხვდება, მოგიკითხავს და მოგეალერსება.
კიდევ რა? – სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია და საპატარძლოს საპოვნელად იძულებული ხარ, სხვა სოფელში წახვიდე …
როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.
– მეგობარო, გაჩერდით ერთი წუთით, რა არის სამშობლო? – ვაჩერებ ქუჩაში გამვლელს.
– მე მეკითხებით? – მეუბნება განცვიფრებული გამვლელი.
– დიახ, თქვენ, იქნებ არ იცით?
– როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში …
– დიახ, ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში …
– ასე უცბად, დაუფიქრებლად, ქუჩაში სამშობლოსთვის სიკვდილი შეიძლება, მაგრამ იმის თქმა, თუ რა არის სამშობლო, არ შეიძლება, ბატონო, – მპასუხობს ის და ჩქარი ნაბიჯით მცილდება.”