13 აპრილი, 2016

ყველაზე დამაფიქრებელი ისტორია

istoria1ხშირად ადამიანები ერთმანეთს განიკითხავენ და ცილს სწამებენ ისე, რომ ვერც კი ხვდებიან, რამხელა ტალახს ისვრიან. ყოველგვარი დაფიქრების გარეშე სრულიად უცნობ ადამიანს განსჯიან და არ ინტერესდებიან ამ საქციელის წინმსწრები ისტორიით.

“არტინფო” გთავაზობთ ყველაზე დამაფიქრებელ ისტორიას, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ სხვისი განკითხვა თქვენი საქმე არ არის და თითოეული ჩვენთაგანი მხოლოდ საკუთარ საქციელზე აგებს პასუხს.

ერთხელ მასწავლებელმა მოსწავლეებს შემზარავი ისტორია უამბო, რომელიც ერთ-ერთ ლაინერზე მოხდა. კრუზში მიმავალმა გემმა ღია ზღვაში კატასტროფა განიცადა და მოულოდნელად ჩაძირვა დაიწყო.

გემზე მყოფებს შორის იყო ცოლ-ქმარი. მათ სამაშველო ნავამდე მიცურეს, მაგრამ იქ თავისუფალი მხოლოდ ერთი ადგილი აღმოჩნდა. მოულოდნელად ქმარმა ხელი ჰკრა და თვითონ სწრაფად ავიდა ნავზე. ფსკერისკენ მიმავალმა ქალმა კი მხოლოდ ერთი ფრაზის დაყვირება მოასწრო.

მასწავლებელი გაჩერდა და მოსწავლეებს ჰკივხა:

– რა უთხრა ცოლმა ქმარს?

რა თქმა უნდა, მოსწავლეებმა უამრავი ვერსია გამოთქვეს, მათ შორის “ვერ გიტან!”, “თურმე როგორ ვცდებოდი შენში”, “როგორ შეგიძლია ასე მომექცე?” მაგრამ არც ერთი პასუხი სწორი არ აღმოჩნდა.

მაშინ მასწავლებელმა კლასში ჩუმად მჯდომ და თავჩაღუნულ მოსწავლეს ჰკითხა:

– შენ როგორ ფიქრობ, რა უთხრა ცოლმა ქმარს?

მან უპასუხა:

– ალბათ მან უთხრა, “ჩვენს შვილზე იზრუნე!”

– შენ იცი ამ ისტორიის შესახებ? – ჰკითხა გაოცებულმა მასწავლებელმა მოსწავლეს.

– არა, – უპასუხა ბავშვმა, – უბრალოდ სწორედ ასე უთხრა დედაჩემმა მამაჩემს სიკვდილის წინ.

მასწავლებელმა თქვა:

– დიახ, ეს სწორი პასუხია.

შემდეგ კი თხრობა გააგრძელა.

მამა გადარჩა და მარტომ გაზარდა თავისი შვილი. წლების შემდეგ, როდესაც მამა გარდაიცვალა გოგონამ მისი ნივთების დალაგებისას მამის დღიური იპოვნა, სადაც წაიკითხა:

“ჩვენს გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მას სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს. ჩემი ცოლის დღეები დათვლილი იყო. ღმერთო, არავინ იცის, როგორ მინდოდა მაშინ მის მაგივრად მე დავმხრჩვალიყავი, მაგრამ ჩემი პატარა გოგონას გამო ეს ვერ გავაკეთე და ჩემი საყვარელი ადამიანი ოკეანის ფსკერს მივაბარე.”

სევდიანი ისტორია დასრულდა, კლასში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა, მასწავლებელი ხედავდა მოსწავლეების ცრემლიან თვალებს. მაშინ ყველამ გაიგო, რომ არასდროს არავინ არ უნდა განსაჯო, რადგან არავინ იცის, რა უძღვის წინ ამა თუ იმ შემთხვევას.