9 აპრილი, 2016

მისია, რომელიც იზა გიგოშვილს 9 აპრილმა დააკისრა

iza1მსახიობი იზა გიგოშვილი 1989 წლის 9 აპრილის უშუალო მონაწილე იყო. ხელოვანი იმ ტრაგიკულ ღამეს მოიწამლა, რის გამოც ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს გახდა.

მერაბ თავაძე:

“1989 წელს, როცა ჩვენ ის საშინელება დაგვემართა, რომელსაც 9 აპრილი ერქვა, ჩემს მეუღლე იზა გიგოშვილს გაუჩნდა აზრი, რომ ეს უდიდესი ტკივილი რაღაცით ქართველ ერს უნდა მოენანიებინა. დაიჩემა, ეტყობა, რაღაც ცოდვა გვაწევს მხრებზე და უნდა მოვინანიოთო.

ამ აჩემებას წინ ერთი უცნაური ამბავი უძღოდა – ჩვენ ვცხოვრობთ ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე, ჩვენი სახლი ისე დგას, ერთი მხარე უყურებს დასავლეთს და ბინის მეორე ნაწილი უყურებს აღმოსავლეთს. ერთხელ, როცა სახლში მოვედი, იზამ მითხრა, მერაბ, ისეთი საოცრება ვნახე: დასავლეთიდან ცაზე მაღლა მოფრინავდა ნელა უზარმაზარი ვარდისფერი მანდილი, ვიფიქრე, მეჩვენება. გადავჭერი მთელი ბინა, გავედი მეორე მხარეს და დავინახე, რომ ეს მანდილი გადმოფრინდა და მოდიოდა და მიფრინავდა. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც მისია მაკისრია, რომელიც აუცილებლად უნდა გავაკეთოო. ეს ყველაფერი 9 აპრილის შემდეგ მოხდა. ალბათ ეს იყო მიზეზი, რის გამოც იზამ დაიწყო სწრაფვა იერუსალიმში წასვლისკენ. თვითონ გადაწყვიტა, ფეხით წავალ თბილისიდან იერუსალიმამდეო. რა თქმა უნდა, ეს იდეა ჩვენ უტოპიურად ჩავთვალეთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჯეროდა, არა იმიტომ, რომ უნდა წასულიყო მარტო და თან – ფეხით. იზა 9 აპრილს იმდენად სერიოზულად იყო მოწამლული, რომ მისი დაღუპვის მიზეზი ის მოწამვლა გახდა. ბევრი ვეცადეთ, რომ უარი ეთქვა ამ განზრახვაზე, მაგრამ ის ძალიან მყარად იდგა თავის აზრზე და თქვა, მაინც წავალო. მე და ჩემი ოჯახი ვამბობდით, მოდი, საქართველოში გავიაროთ ფეხით, ვნახოთ, როგორ შევძლებთ და მერე წავიდეთ იერუსალიმშიო, მაგრამ იზას ურყევი იდეა ჰქონდა და დაგვარწმუნა, რომ ამ მოვლენას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა. ჩვენც დავიწყეთ სერიოზული მზადება. გადაწყდა, რომ 1990 წელს ფეხით უნდა წავსულიყავით იერუსალიმში, ჩავრთე ჩემი მეგობრები, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს ამ იდეის მიმართ.

5 თვე გვქონდა პილიგრიმული ექსპედიცია. მოვიარეთ ტაო-კლარჯეთის ქართული ეკლესია-მონასტრები, ვიყავით ათონის მთაზე, საბერძნეთიდან გვინდოდა ქრისტეს გზით სინაიდან შესვლა ისრაელში, მაგრამ ეგვიპტემ არ შეგვიშვა, გვითხრეს, ძალიან ბევრი ტერორისტული აქტი ხდება, ისრაელში მიბრძანდებით და ამის გამო თქვენი უსაფრთხოება დაცული არ იქნებაო. იძულებულები გავხდით, უკან დავბრუნებულიყავით, სირიაში ვიყავით, კიპროსზე დავბრუნდით, იქიდან გადავედით ისრაელში და ფეხით მივედით გოლგოთამდე.

როდესაც იზა ფეხშიშველა მიდიოდა მთელი გზა თბილისიდან იერუსალიმამდე, ეს იყო ნამდვილი სასწაული. მას ფეხსაცმელი არ ჩაუცვამს და არანაირი პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ შექმნია. ჩვენი ჯგუფის არც ერთ ადამიანს არაფერი დამართნია. გაციება რა იყო, ისიც არ ვიცოდით. ამხელა გზაზე მანქანაც კი არ გაგვფუჭებია. ხუთი თვის მანძილზე გვეძინა მიწაზე, კარვებში, წვიმაც იყო, განსაკუთრებით, თურქეთის მხარეს, მაგრამ ავად არ გავმხდარვართ.

იზა იყო იდეური ადამიანი, იერუსალიმში ფეხით ჩასვლა მისი იდეა იყო და ბოლომდე მიიყვანა თავისი ჩანაფიქრი.”