25 აპრილი, 2016

ბორის წიფურია – მსახიობი დიდი სატკივარით

boris-wifuria1“თქვენს წინაშეა გაერთიანება თეატრონის შოუ პროგრამა “ფორტუნა” – ასე იწყებოდა ყოველი კვირა დღის საღამო მსახიობ ბორის წიფურიასთან ერთად, რომელიც გადაცემაში ახლადდაქორწინებულებს ეპატიჟებოდა და მათ სამახსოვრო საჩუქრებით აჯილდოვებდა.

გადასაღები მოედნის მონატრებას მსახიობი გადაცემა “ფორტუნით” ივსებდა, რომელსაც 6 წლის განმავლობაში უძღვებოდა. მისმა დახურვამ კი ბორის წიფურიას კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა. მრავალათასიანი მაყურებლის თხოვნის მიუხედავად, “ფორტუნა” ეთერში აღარ დააბრუნეს.

ამბობდნენ, რომ მისი ჩაგდებული როლი არ არსებობდა. იქნებოდა ეს კინო თუ თეატრი, მთავარი თუ ეპიზოდური როლი, ბორის წიფურია თავის საქმეს ყოველთვის ერთგულად და თავდაუზოგავად ემსახურებოდა.

ბავშვობაში ძალიან ცელქი იყო. მისი მეგობრები ხშირად ხუმრობდნენ, ყველა უბედურება ამისგან გვაქვს ნასწავლიო. თავად ბორის წიფურია იხსენებდა შემთხვევას, რის გამოც მას “მგლის ბილეთი” მისცეს და თბილისის სკოლებმა მსახიობის მიღებაზე უარი განაცხადეს:

“ერთხელ თბილისის რკინიგზის მეოთხე საშუალო სკოლა “აფეთქებას” ძლივს გადაურჩა. რკინიგზაზე ნაპოვნი კარბიტი სკოლაში მივიტანე და ჩემს კლასელებს სამელნეებში ჩავუყარე. ზარის დარეკვისთანავე სამელნეები გასკდა და მთელი კლასი მელნით დაისვარა. დიდხანს ვერ დაადგინეს ამის ჩამდენის ვინაობა. სამი თვის შემდეგ მეგობარს გავუმხილე სიმართლე. მან კი დედამისს უთხრა, რომელიც მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ეს ამბავი გახმაურდა და სკოლიდან გამრიცხეს. თან “მგლის ბილეთი” გამატანეს და თბილისში არც ერთმა სკოლამ აღარ მიმიღო.
მშობლები იძულებულები გახდნენ, სასწავლებლად ჩხოროწყუს რაიონში მამის მეგობრის ოჯახში გავეგზავნე. მამა ერთი პერიოდი ჩხოროწყუს რაიონის კომპარტიის რაიკომის მდივანი იყო. მის იქაურ მეგობარს ყრუ-მუნჯი შვილი ჰყავდა. სასწავლებლად თბილისში, ყრუ-მუნჯთა ინტერნატში ჩამოიყვანა, სადაც უთხრეს, ისწავლოს, მაგრამ დასაწოლი ადგილი არ გვაქვსო. შეწუხებული მეგობარი მამამ დაამშვიდა, ჩემი შვილი წაიყვანე, შენი ყრუ-მუნჯი შვილი კი დამიტოვე. ამაზე კარგი გარიგება რა გინდაო. ყრუ-მუნჯში გამცვალა მამამ. 14 სკოლა გამოვიცვალე და ძლივს დავამთავრე საშუალო.”

სკოლის დამთავრების შემდეგ მსახიობის მამამ თავისი ავტორიტეტი გამოიყენა და შვილს ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარებინა:

“მამამ თავისი ავტორიტეტით მომაწყო უმაღლესში. მათემატიკის გამოცდის წინ მითხრა, რომ შეხვალ, სათვალეებიანი კაცის წინ, გრიშასთან დაჯექიო. რომ შევედი, სათვალე არც ერთს არ ეკეთა. დავჯექი, ბილეთი ავიღე და შორს დავიჭირე, ვითომ ვერ ვხედავდი. გამომცდელმა მითხრა, რა იყო, ბიჭო, ვერ ხედავო? სათვალე დავკარგე და ვერ ვხედავ-მეთქი. მეორე გამომცდელს მიუბრუნდა და ჰკითხა, გრიშა, შენ ხომ არ გაქვს სათვალეო. ასე აღმოვაჩინე გრიშა და მის წინ გადავჯექი. ჩემი გვარი რომ გაიგო, გაუხარდა და ოთხიანი დამიწერა. მისაღები გამოცდები ჩავაბარე, მაგრამ ვეღარ ვისწავლე. სემესტრის ბოლოს, გამოცდები ვერ ჩავაბარე.
მამამ იფიქრა, მოდი, ჯარში გავუშვებო და სამხედრო კომისარიატმა ლენინგრადში, მოლოტოვის სახელობის სამხედრო აკადემიაში გამამწესა. ჩემი სამხედროში წასვლა უკვე გადაწყვეტილი იყო, როცა ერთ დღეს რუსთაველის პროსპექტზე მეგობარს შევხვდი. ვკითხე, აქ რა გინდა-მეთქი. მეგობარმა მიპასუხა, აქ ვსაწავლობო და თეატრალური ინსტიტუტისკენ მიმითითა.
იმ დღესვე თეატრალური ინსტიტუტის იმჟამინდელ რექტორ კვესელავასთან მივედი და ვუთხარი, ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობ-მეთქი. მერე ვინ გიშლის, ჩააბარეო, მითხრა გაკვირვებულმა რექტორმა. მამაა წინააღმდეგი, რომ მსახიობი გავხდე და ჯარში მაგზავნის, ჩემი საბუთები სამხედრო კომისარიატში გადააგზავნა, მხოლოდ ჩათვლის წიგნაკი და სტუდბილეთი მაქვს-მეთქი, ავუხსენი რექტორს და თან გულიანად ავტირდი. კვესელავამ გამონაკლისი დაუშვა და გამოცდებზე გასვლის უფლება მომცა. მეც მოვემზადე და გავედი გამოცდებზე.”

ამბობენ, რომ მისაღებ გამოცდაზე ეტიუდის შესრულებისას ბორის წიფურიას სამსახიობო ნიჭით აღფრთოვანებულ აკაკი ხორავას წამოუძახია: “კმარა, საკმარისია!”

“თეატრალურ ინსტიტუტში ჩემი კურსელები იყვნენ შემდგომში უნიჭიერესი მსახიობები ზინაიდა კვერენჩხილაძე, თენგიზ არჩვაძე, გივი ბერიკაშვილი, ლია კაპანაძე, ლიკა ჭავჭავაძე. ჩემი პედაგოგები იყვნენ სერგო ზაქარიაძე, აკაკი ვასაძე, დიმიტრი ალექსიძე, ნადეჟდა შალუტაშვილი, დიმიტრი ჯანელიძე, აკაკი ფაღავა, მალიკო მრევლიშვილი. ამ ადამიანებთან ყოფნასა და თანაცხოვრებაში ნამდვილად გამიღიმა. ბოლოს და ბოლოს, ბევრი ხომ ვერ დაიკვეხნის საქართველოში, რომ აკაკი ხორავას საყვარელი სტუდენტი იყო და თენგიზ არჩვაძის ან გივი ბერიკაშვილის მეგობარი. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, მარჯანიშვილის თეატრში მოვხვდი, თუმცა ჩემი ჯგუფი სოხუმის თეატრში გაანაწილეს და მეგობრებს გავყევი. სოხუმის თეატრის დირექტორმა იქ დარჩენა და მუშაობა შემომთავაზა. პირველივე სპექტაკლში “გაზაფხულის დილა” ერთ-ერთი მთავარი როლი მომცეს და ყველაფერი არაჩვეულებრივად წავიდა.”

ბორის წიფურიამ პირველ წოდებად საქართველოს სახალხო არტისტის ტიტული მიიღო:

”იმ დღეს სიხარულისგან არ მეძინა. მეორე დღესვე გაზეთი ვიყიდე და საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი, როცა გაზეთშიც იგივე ამოვიკითხე. პოპულარობა, ხალხის სიყვარული და ყურადღება დამღლელი არ არის. პირიქით, მსიამოვნებს, მაგრამ ამას დიდი დარდიც ახლავს. ერთი-ორი-სამი წლის შემდეგ ხალხს რომ მიავიწყდები, ძალიან ძნელია. ბევრი შესანიშნავი მსახიობი დაივიწყეს. დიდი კორიფეების შესახებ ბევრმა ახალგაზრდამ არც კი იცის. სამწუხაროდ, ასეთია მსახიობის ბედი.”

სიცოცხლის ბოლოს წლებში კინოში თამაში ენატრებოდა. რაც შეეხება თეატრს, თეატრის მონატრება რუსთაველის თეატრმა და ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა დაუკარგა:

“რობერტ სტურუამ თეატრი შემაძულა. სული ამომგლიჯა, უდროოდ გამიშვა თეატრიდან. შეიძლება, 15-20 წელი ისე იყო თეატრში, რომ რეჟისორმა როლი არ მოგცეს?! ცუდია, როცა ვიღაც განაგებს შენს ბედს. იმ კაცს თუ უნდა, გაგაღმერთებს, თუ უნდა – გაგანადგურებს.”

ბორის წიფურიას მიაჩნდა, რომ ბედმა გაუღიმა, როცა ელდარ შენგელაიამ ფილმში “შერეკილები” გადაიღო. ის სინჯებისთვის სულ სხვა როლზე იყო მიწვეული, მაგრამ რეზო გაბრიაძის სცენარში სულ სხვა როლი აღმოაჩინა. სამხატვრო საბჭომაც შეცვალა უკვე შერჩეული მსახიობი და ხუტა პოლიციელის როლზე ბორის წიფურია დაამტკიცა. სანამ სამხატვრო საბჭო როლზე დაამტკიცებდა, ბატონი ბორისი ნერვიულობდა, განიცდიდა:

“მამამ დედას ჰკითხა, რა სჭირს, რატომ ნერვიულობსო. დედამ უპასუხა, თავი დაანებე, თავისი გაჭირვება ეყოფა, ფილმისთვის სინჯი გადაუღეს და არ იცის, დაამტკიცებენ თუ არაო. რა ფილმიაო, იკითხა მამამ. “შერეკილებიო”, უპასუხა დედამ. დაამტკიცებენ ამ საცოდავს, აბა, რას იზამენ, რატომ ნერვიულობსო, დაამშვიდა მამამ დედა.”

“შერეკილების” გადაღების პროცესს ელდარ შენგელაია ასე იხსენებს:

“ჩემი კინოში მუშაობის პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მსახიობის გამო მიმეტოვებინოს გადასაღები მოედანი. ეს მოახერხა ბორია წიფურიამ. ერთხელ “შერეკილების” გადაღების დროს იმ მდგომარეობამდე მიმიყვანა, რომ გაცოფებულმა გადაღება მივატოვე. ძალზე რთული იყო მასთან მუშაობა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ შედეგით პირადად მე და მგონი, მაყურებელიც, კმაყოფილი ვართ. ბორიას მოზრდილ თავში უსასრულო ფანტაზია ტრიალებს, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც – დასასრული, მაგრამ რეჟისორისათვის აუცილებლად მოიძებნება მის “სისულელეებში” ერთი-ორი კარგი იდეა.
“შერეკილებში” ხუტას როლზე (როგორც ეს საერთოდ მიღებულია კინოში) არაერთი ცნობილი მსახიობი “ისინჯებოდა”. სასინჯ გადაღებებზე მოსულ მსახიობებს ჩვენ ვაცმევდით იმ კოსტიუმს, რომელიც მხატვრის მიერ იყო არჩეული. ბორიას კოსტიუმი არ მოეწონა, შეიგინა (ეს საერთოდ მას ეხერხება) და თქვა, მე თვითონ მოვნახავ ჩემთვის კოსტიუმსო. გაბრაზებული გავარდა სტუდიის გარდერობში. გავიდა თითქმის ოთხი საათი. უცბად გაიღო სარეჟისოროს კარი და ჩვენ წინ იდგა ჩვენი ფილმის მომავალი გმირი, ზუსტად ისეთი, როგორიც წარმოგვედგინა. კოსტიუმიც ხომ მონახა ძალიან სახოვანი ფაფახით, საგრიმიოროშიც გაუვლია და გრიმიც გაუკეთებია, ულვაშები და ბაკენბარდებიც თავისივე ფანტაზიით მოურგია. შემოვიდა თუ არა, მივარდა ფანჯარას და დაიწყო ყვირილი: “ხომ გითხარით, გაფრინდებიან-მეთქი, ხომ გითხარით!”
ჩავატარეთ სასინჯი გადაღება და სამხატვრო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა ბორია როლზე. აუ, რა ხასიათი აქვს ჩვენს საყვარელ ბორიას! რის ვაი-ვაგლახით დავამთავრეთ გადაღება, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ბორის წიფურიამ, ჩემი აზრით, შექმნა ცოცხალი, ორიგინალური და მართლაც დასამახსოვრებელი სახე…”

პირველი სიყვარული ჩხოროწყუში სწავლისას ეწვია. ულამაზესი გოგონა შეუყვარდა:

“ჭკვიანი, გონიერი ქალები მიყვარს, დიდ პატივს ვცემ მათ. თუ ქალში არ ვიგრძენი სინაზე, სითბო და პატიოსნება, მასთან არათუ ურთიერთობა, საუბარიც კი არ მსურს. მე დღესაც ვეძებ ნამდვილ ქალს, ნამდვილ სიყვარულს. ბოლო დროს თეთრი სახის ქალები მომწონს. გურამ ფირცხალავამ მირჩია, თეთრი სახის ქალი, ნაზი, ფუმფულა, კარგად მოქმედებს მამაკაცზეო…”

სიყვარულში ბედმა არ გაუღიმა. ქალმა, რომელიც ძალიან უყვარდა, იმედები არ გაუმართლა და ბევრი ტკივილიც მიაყენა. მომავალი მეუღლე თეატრში გაიცნო. იმ დღეს “მზიან ღამეში” თამაშობდა. პირველ რიგში ულამაზესი გოგონა შენიშნა. 41 წლის ასაკში დაქორწინდა და მასთან ერთად ექვსი წელი გაატარა:

“ძალიან განვიცდი, შვილი რომ არ მყავს. მარტოხელა კაცი ცოდვაა. შეიძლება, არც სარეცხის გარეცხვის პრობლემა შეექმნას, არც საჭმლის მომზადების, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი… ხშირად, როდესაც ცუდად ვიყავი, ხელებს გულზე ვიწყობდი და ისე ვიძინებდი, თუ მოვკვდები, გასასწორებელი არ გავხდე-მეთქი. ვფიქრობ ხოლმე, რომ მოვკვდები, ვინ მიხედავს ჩემს ფოტოარქივს, ფირფიტებს, საყვარელ ნივთებს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ სუვენირებს – არავინ, რადგან არავინ მრჩება. ამაზე საშინლად მწყდება გული. ამიტომ ადამიანი ვიდრე ცოცხალია, დრო უნდა ატაროს, არაფერი შეიძინოს, რომ მერე გული არ დასწყდეს.”

მსახიობს არასდროს უყვარდა შეკითხვა, “რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით” და ამაზე ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი ჰქონდა – “მთელი ცხოვრება კურიოზი არ არის?”:

“მთელი ცხოვრება კურიოზი არ არის? თუმცა ყველაზე დიდი კურიოზი იცით რა იყო? წიგნი გამოვეცი “თეატრი, კინო, ცხოვრება”. ვინც ამ წიგნს კითხულობს, ყველა მაგინებს, რადგან ვერ ანებებენ კითხვას თავს და ღამეებს ათენებენ. “სახელგამმა” ჩემი ათი წიგნი ზუგდიდში გაგზავნა გასაყიდად. ერთი წლის განმავლობაში იდო ეს წიგნები მაღაზიაში გასაყიდად და არც ერთი არ გაიყიდა. ცხრა წიგნი უკან დააბრუნეს, ერთი ვიღაცას მოუპარავს. ბუნებრივია, დავინტერესდი, რატომ არ გაიყიდა წიგნები. მაღაზიის გამყიდველს უთქვამს, მართალია, არც ერთი წიგნი არ გაიყიდა, მაგრამ ნახევარმა ზუგდიდმა წაიკითხა, მიჰქონდათ, კითხულობდნენ და ისევ უკან აბრუნებდნენ, რადგან ფული არ ჰქონდათ წიგნის შესაძენადო. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ ადამიანებს, რომლებსაც გულით სურდათ ჩემი წიგნის შეძენა, ამის შესაძლებლობა არ აღმოაჩნდათ, მაგრამ მაინც ხომ კარგია! მშვენიერია! არ ყიდულობენ, მაგრამ თხოულობენ, იპარავენ. გაგიგიათ, პატრონს რაღაც მოპარონ, მას კი გიჟივით უხაროდეს, რა კარგია, რომ მომპარეს და წაიკითხესო? აი, ასეთი სიხარული მომგვარა ზუგდიდში გათხოვებულმა და მოპარულმა ჩემი წიგნების ამბავმა.
ვერ ვიტან, როცა მეუბნებიან, კურიოზი გაიხსენეო. მთელი ჩემი ცხოვრება, დაბადებიდან ამ წუთამდე კურიოზია. ჩემზე დარდიანი ადამიანი ამქვეყნად მეორე არ მეგულება. მე რომ მკლავენ კინოში, იმაზეც კი ვტირი. “მაგდანას ლურჯაში” დუდუხანას რომ ლურჯას ართმევენ, ჩემი ბღავილი ცას სწვდება ხოლმე. მოკლედ, მგრძნობიარე კაცი ვარ. გული სადღეგრძელოებზეც კი მიჩუყდება. ამის მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ცუდი განწყობა გარშემომყოფებს არ გადავდო. პირიქით, ადამიანებს კარგ განწყობას ვუქმნი.”

ბორის წიფურიას გული სწყდებოდა იმაზე, რომ ადამიანები ერთმანეთს არ უფრთხილდებოდნენ და სიტყვითაც და საქმითაც ადვილად იმეტებდნენ:

“გული მწყდება, რომ ადამიანები ერთმანეთს არ უფრთხილდებიან. სიტყვითაც და საქმითაც ადვილად იმეტებენ. ვერ ვიტან ტყუილს, ღალატს, სიტყვის გატეხას. თუმცა თავად ბევრი ადამიანი მომექცა უსამართლოდ და ურცხვად გააგრძელა თავისი ცხოვრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ღმერთი ყველას თავისას მიუზღავს. იმის შესახებ კი, თუ რა ღირსება დაკარგა ქართველმა, გადაშალეთ ცილისწამების კორიანტელით გავსებული გაზეთები და მიხვდებით! უსინდისობა და ზნედაცემულობა იმდენად ჩვეულებრივი რამ გახდა, რომ უკვე ვეღარ აღვიქვამ, რა ხდება ირგვლივ. სიმართლე გითხრათ, ძველ დროს მივტირი, როდესაც ადამიანებში სითბოც იყო, ერთმანეთის დანდობაც და ღირსების დაცვაც. დღეს რა გვაქვს – სიტყვის თავისუფლება? განა სიტყვის თავისუფლება ის არის, რაც გინდა, აკადრო ადამიანს? რაც პირზე მოგადგება, ის თქვა? ასეთი სიტყვის თავისუფლება არანაირ მონაპოვრად არ მიმაჩნია. ჯერ ვერ ვიგრძენი, რომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ადრე მიზერული თანხით რამდენჯერ წავსულვარ საზღვარგარეთ დასასვენებლად, ნახევარი მსოფლიო შემოვლილი მაქვს. დღეს იმავე თანხით ტრაპიზონამდე ვერ ჩავა კაცი.
გული მწყდება, რომ თეატრი, კინო, საერთოდ, ცხოვრება, აღარ არის ისეთი, როგორიც იყო. პერსპექტივასაც ვერ ვხედავ… მოსემ ორმოცი წლის განმავლობაში ატარა უდაბნოში თავისი ხალხი, რომ მათში გარდასახვა მოეხდინა, ღმერთისკენ მოებრუნებინა ისინი. ასეთი გარდასახვა დასჭირდება მომავალ თაობას, რომ ჩვენი ძველი ეროვნული კულტურა და ეროვნული ფასეულობები აღადგინოს.”