10 აპრილი, 2016

ბაჩი ქიტიაშვილი: “ყველგან დაჩრდილული ვიყავი”

bachi-qitiashvili1234ქართული როკის “ბურმუხა” ბაჩი ქიტიაშვილი უკურნებელმა სენმა იმსხვერპლა. მუსიკოსმა მისი დამარცხება, სამწუხაროდ, ვერ შეძლო.

ქართული როკენციკლოპედიის ავტორმა გაუძლო დაბრკოლებებს, დევნას, შევიწროვებას, ცდუნებებს და ბოლომდე სამშობლოს ერთგული დარჩა.

“არტინფო” ბაჩი ქიტიაშვილის პორტრეტს წარმოგიდგენთ:

“ჩემი ცხოვრების გზა აღსავსე იყო სირთულეებით, სიძნელეებით, აღფრთოვანებით, კრახით, დაცემით, წარმატებით. დისიდენტი ვარ მუსიკაში. რასაც ვაკეთებდი, ის კონცერტებს კი არ წააგავდა, მიტინგებს უფრო ჰგავდა. შეიძლება მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, იმიტომ, რომ ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ახლა რომ ვაკვირდები, ეს ემსახურებოდა თავისუფლების სიოს. ამიტომაც კრძალავდა ამას უშიშროება. ბევრჯერ ამ საქმეში ალექსი ინაურიც კი ჩარეულა. უნდა მომხდარიყო ჩვენი ანულირება, მაგრამ უშიშროებაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ესმოდათ, რომ ეს მუსიკა აუცილებელი იყო მომავლისთვის, ქართველი ერისთვის.

ბევრჯერ ვიყავი დაჭერილი და გაზეთ “კომუნისტის” პირველ გვერდზეც ვიყავი. მაშინ იმით კომუნისტები ამაყობდნენ, დღეს კი მე ვამაყობ, რომ პოლიტიკური გაზეთის პირველ გვერდზე ვიყავი. მათ თვალში ვეჩოთირებოდი. ბევრი მეკითხება, როგორ გადაურჩით ასეთ ზეწოლასო. რას ეძახიან გადარჩენას? ყველგან დაჩრდილული ვიყავი, უკან გადაწეული. ეს არის გადარჩენა? დღეს რომ ასე გვიყვარს თავისუფლება, მის მოპოვებაში 5 პროცენტიანი წვლილი “ბერმუხასაც” ეკუთვნის. სიწმინდეებზე არ შემიძლია ვილაპარაკო. ის ვიცი, რომ სიბოროტე არ მაქვს ჩადენილი, ვემსახურები ჩემს საქმეს. ვარ ქართველი, ვქმნი ქართულ პატრიოტულ სიმღერებს.

ჩვენს კონცერტებზე კაგებეშნიკები გვჩხრეკდნენ. მათგან უმეტესობა სიამოვნებით გვისმენდა, მაგრამ რა ექნათ, მათი სამსახური სულ სხვა იყო. ერთი მეგობრობდა კიდეც ჩემთან, მაგრამ მერე გამოტყდა, დავალებული მაქვს შენი ყურებაო. ამ დროს ჩვენ მაინც გვეძლეოდა რაღაც შანსები. 80-იან წლებში ჩვენ უკვე აკადემიურ კონცერტებს ვმართავდით. რუსეთში ხალხს თმებს ვაგლეჯინებდით. როკი უნდა ზრდიდეს მუსიკალურ თაობას, მაგრამ როგორ გაზრდის, თუ მას არ აჩვენებ, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის.

ჩვენ ბევრ რამეს ვუშვერდით თავს. თუ ვიღაცას ტრანსპარანტები ეჭირა, ჩვენ ჩვენი მუსიკით ვამბობდით სათქმელს. 1972 წელს შემეძლო გაქცევა და დღეს სოლჟენიცინის დონე ვიქნებოდი. მაშინ ეს უბრალო საქმე არ იყო. სოჭში გავიცანი საველი კრამაროვი და მითხრა, შეგრთავ ებრაელ ქალს, წახვალ შვეიცარიაში და იქიდან ამერიკაში გადახვალო. ხომ შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ რუსის უშიშროებამ მითხრა, მოაწერ ხელს, გამოგაცხადებთ სამშობლოს მოღალატედ და უკან ვეღარ დაბრუნდებიო, ან მომკლავდნენ. არც დავფიქრებულვარ, ეგრევე უარი ვთქვი. ბედნიერი ვარ, რომ არ გამიყიდია ქართველი ერი.

როკი არაფრით შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც სატანისტური. ასე გვიხსენიებენ იმიტომ, რომ გრძელი თმებით დავდივართ. თუ ასე ვიმსჯელებთ, გრძელი თმები იესო ქრისტესაც ჰქონდა. დღეს მოძღვრებს გრძელი თმაც აქვთ და წვერებიც. ღმერთმა დამიფაროს, რამე სხვანაირად ვიფიქრო, მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მაგრამ არ მრცხვენია ვთქვა, რომ როკმენი ვარ.

ბავშვობიდან სულ მახსოვს, რომ პირჯვარს ვიწერდი, ეკლესიაში შევდიოდი და ვლოცულობდი. დღეს რომ ვიღაცეები იბრალებენ, ეკლესიაში სულ დავდიოდითო, ისინი საერთოდ არ შედიოდნენ. თითი რომ მომტყდებოდა, მაინც ღმერთს ვევედრებოდი, გადამირჩინე-მეთქი. ვერ წარმომიდგენია ქრისტიანი კაცი, რომელიც საშინელებებს ჩადის. ისეთ რაღაცეებს ვიგებ, რომ გაოგნებული ვარ. დღესაც პირჯვარს რომ ვიწერ, გონივრულად ვიწერ და ხელს ტყუილად არ ვიქნევ.

ბევრი ისეთი საქმე მაქვს გაკეთებული ერისთვის, თუნდაც საქველმოქმედო კონცერტები. ესეც ხომ ერთგვარი სიკეთეა, რომელსაც ღმერთი ქადაგებს. სიკეთე ისიც კია, რომ თითქმის 30 წელი კომუნისტებმა ჯვარზე მაცვეს, არ გვაძლევდნენ არაფრის საშუალებას. როგორც არსებობს ინგლისური და ამერიკული როკი, ასევე არის ქართული როკი და იარსებებს. ის, რაც “ბერმუხამ” შექმნა და დაუდო საფუძველი, ნამდვილად ფოლკლორზეა აგებული და დღეს იავნანასავით ისმის.

მაშინდელ მსმენელს კი ჩვენი ნახევრად ესმოდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ იქ, სადაც მაშინდელი აკრძალვა იყო, ყველაფერი თავისუფლებასთან იყო გაიგივებული. ჩემს ასაკში ასეთ ხალხს მოფერება და დაფინანსება სჭირდება. რაც “როლინგ სტოუნზმა” და “ბითლზებმა” გააკეთეს ინგლისელებისთვის, ზუსტად იგივე, თუ მეტი არა, “ბერმუხამ” გააკეთა. უბრალოდ, უნდა დაგვაფასონ და გამოგვაჩინონ.

როკი არ არის ლოთების და ნარკომანების თავშესაფარი. ვისაც ასე მიაჩნია, ის ძალიან ცდება. ლოთები და ნარკომანები ყველგან არიან და როკიც არ არის გამონაკლისი, მაგრამ როკი არის ღრმა, ჭკვიანი და დამაფიქრებელი მუსიკა. ჩემს თავს რა პირობაც მივეცი, ის ბოლომდე გავიტანე და მისია შევასრულე, თორემ ნამდვილად შემეძლო რაიკომის მდივანი ვყოფილიყავი, მაგრამ არა, დღემდე ჩემი სიმართლით მოვედი. როკი არის მუსიკა, რომელიც ჯაზის პირობებშია აყვანილი. როკი დღეს ელიტარული მუსიკაა.

საქართველოშიც თითქმის ეგრეა, მაგრამ ხშირად ერევათ. რაც მთავარია, “ბერმუხამ” მოიპოვა თავისი ხელწერა. დღესაც არიან როკში პროფესიონალები, მათ შორის კაკო ვაშალომიძე, ვოვა მოგელაძე, დათო შუშანია, მაო, ლევან კაპანაძე და სხვები. რამდენიმე ადამიანი დარჩა, ვისაც შეუძლია ეს ხელოვნება მსოფლიოში გაიტანოს.

მიყვარს თავისუფლება, სწორედაც თავისუფლებისთვის ვიბრძოდი. ბობ დილანის ტექსტები ნახეთ, განა მასში რამე სატანისტურია? იმიტომ არსებობს როკისადმი ასეთი დამოკიდებულება, რომ როკი ძნელია, როკი არ არის ყველას ხვედრი, ეს რჩეულთა ხვედრია.

ხშირად ვაწყობდით საქველმოქმედო კონცერტებს. ქათმების ფერმაშიც კი გვაქვს დაკრული, რომ მექათმე ხალხი გაგვერთო. ამ ცხოვრებაში არაფერი უნდა ითაკილო. ძალიან რელიგიური არ ვარ, მაგრამ მართლმადიდებელი კაცი ვარ, მონათლული და ქრისტიანი ვარ. მიყვარს იესო ქრისტე და ვიცი, რომ სიკეთე უნდა ვაკეთო. ჩვეულებრივად შევდივარ ეკლესიაში და რაც მინდა, იმას შევთხოვ უფალს. ბედნიერი ვარ, რომ იმ პერიოდში გადავრჩი და არ დამხვრიტეს. მართალია, დამდევდნენ, ორჯერ-სამჯერ დამიჭირეს კიდეც, ქუჩაშიც იყო ჩვენი კარიკატურები, მაგრამ ცოცხლები რომ დავრჩით, ეს ხომ სასწაულია. დღეს “ბერმუხა” ისევ არსებობს, უფალმა გამაძლებინა და ამიტომ ღმერთის მადლობელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ სულ ტანჯვით მოვდიოდი, აღმაფრენაც ტანჯვაში იყო და ესეც სასიამოვნოდ მახსენდება. ხშირად დაგვხვედრიან დანებით შეიარაღებულები და ჩვენ მათთვის უნდა გაგვეძლო.

ბევრი როკმუსიკოსი დღეს სასაულიერო პირია. ვგრძნობ, რომ კიდევ დამრჩა საქმეები საკეთებელი. ალბათ დადგება დრო, როცა სულიერებაზე კიდევ უფრო კარგად დავფიქრდები. შეიძლება მღვდელი არ გავხდე, მაგრამ დავანებო ყველაფერს თავი, ღმერთს შევხედო და ვილოცო.

მიხარია, რომ შევქმენი ქართული როკენციკლოპედია, გავაკეთე არნახული ჩანაწერები ქართული როკის თაობაზე. შევქმენი ის, რაც უნდა შემექმნა.”