20 მარტი, 2016

ქეთევან იგნატოვაზე თავდამსხმელი დაკავებულია

ignatova1მხატვარსა და ჟურნალისტზე ქეთევან (ქეთუსია) იგნატოვაზე თავდამსხმელი დაკავებულია. 26 წლის ყაჩაღი შემთხვევიდან 5 დღის შემდეგ სამართალდამცველებმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების და ისანი-სამგორის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული რევაზ კ. ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ კ.-მ მიმდინარე წლის 14 მარტს, ღამით, თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, ზაზა ციციშვილის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქეთევან იგნატოვას ოქროს ბეჭედი, 200 ლარი, 2 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი, 2 ნოუთბუქი, 400 დოლარი და რარიტეტული მედლები ცივი იარაღის მუქარით გასტაცა. მან სახლში მყოფ 5 ადამიანს, მათ შორის, ერთ მცირეწლოვან ბავშვს, ერთ საათზე მეტი დროის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

ბოროტმოქმედთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, ოჯახის უფროსს ზაზა ციციშვილს და მის მეუღლეს ქეთევან იგნატოვას დანით სხეულზე დაზიანებები მიადგათ. ბრალდებულმა ნაყაჩაღარ ნივთებთან ერთად მიმალვა მოახერხა. დაჭრილ ცოლ-ქმარს სამედიცინო დახმარება სტაციონარში ჩაუტარდათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რევაზ კ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – 2 დანა და 210 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.