5 მარტი, 2016

”ქართული შოუბიზნესი დაავადებულია!”

1dachi– ქართული შოუბიზნესი დაავადებულია! – ასეთ განცხადებას ბელგიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი დაჩი ხასაია, იგივე Universeman (ადამიანი სამყარო) აკეთებს.

დაჩი სონგვრაითერი, მომღერალი და მუსიკოსია. ის უკვე 4 წელია ბელგიაში ცხოვრობს და სამომავლოდ ქართველებისთვის კონცერტის ჩასატარებლად ემზადება.

დაჩი ხასაია:

– ბელგიაში 4 წელია ვცხოვრობ. საქართველოდან წამოვედი იმიტომ, რომ ვყოფილიყავი მშობლების გვერდით და დავხმარებოდი, რადგან დედისერთა ბიჭი ვარ… ეს ნახევრად ხუმრობით… ისინი უკვე დიდი ხანია ბელგიაში ცხოვრობენ და როგორც კი დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გადავწყვიტე წამოვსულიყავი.

– დაჩი, მუსიკა თქვენი ჰობია, თუ პროფესია?

– მუსიკა ჩემი ცხოვრებაა, ვერ დავარქმევ ვერც ჰობს და ვერც პროფესიას. მუსიკა ჩემთვის და ჩემი მსმენელისთვის საჭირო რამაა, ესე ვიტყოდი… ვწერ და ვმღერი მთელ სამყაროზე, ჩემსაზეც და სხვაზეც, მიზიდავს ასტრონომია და კოსმოსში ხეტიალი, ჩემი მუსიკაც ამ ხეტიალის ამბავს მოგვითხრობს.

– რა ჰქვია ჟანრს, რომელშიც მღერით?

– ჩემს ჟანრს სახელი მეთვითონ შევარქვი Mystic Rock მისტიკ როკი, მაგრამ მსმენელი ინდის, შუგეიზს და სფეის როკს დაარქმევს. მუსიკას ვწერ და აგრეთვე ვმღერი, ჯერჯერობით ჩემი სიმღერის ვიდეოებსაც თვითონ ვქმნი. არ მიყვარს როდესაც რამენაირად ერევიან ჩემს შემოქმედებაში, ყველაფერი ჩემი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ გამოვა დღევანდელ მსოფლიო მუსიკის ინდუსტრიაში, ასე რომ, ვფიქრობ პატარა ცვლილებების შეტანა მომიწევს ვიზუალის განხრით, როგორც ყველას.

2dachi

– კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობთ?

– დიახ, ვმონაწილეობ და აპრილში გავმართავ კონცერტს ბელგიაში გენტში, საკონცერტო დარბაზ Vooruit-ში სადაც Nirvana, Red Hot Chilli Peppers, Daft Punk და სხვა უამრავი ცნობილი ჯგუფი გამოსულა. ეს დიდად საპასუხისმგებლო ვენიუა და ამ დღისთვის დიდი პასუხისმგებლობით ვემზადები. ჩემს სიმღერებთან ერთად აგრეთვე ვიმღერებ ირაკლი ჩარკვიანის “სულს მოგცემ” ჩემებურ ვერსიას, რადგან ძალიან მინდა ასეთ ვენიუში ირაკლის უკვდავი შემოქმედება შეაფასოს ევროპელმა მსმენელმა, ესეც ძალიან საპასუხისმგებლო ამბავია ჩემთვის.

– “სულიკოს” თქვენეულ ვერსიაზეც მოგვიყევით. რატომ ”სულიკო”?

– რატომ “სულიკო”? ვფიქრობ, რომ ეს ტექსტი და მელოდია ყველა ქართველის სულშია ჩაბეჭდილი, ჩემი “სულიკო” სევდიანია, რაც ალბათ სამშობლოს მონატრებითაა გამოწვეული და იქ შექმნილი არასასიამოვნო სიტუაციებით. “სულიკო” საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სავიზიტო სიმღერაა და ამიტომაც გადავწყვიტე ჩემებური პატივი მიმეგო აკაკი წერეთლისთვის და ულამაზესი მელოდიისათვის.

– თქვენ სპეციალური კომპოზიცია მიუძღვენით დევიდ ბოუვისაც. რით არის მისი შემოქმედება თქვენთვის გამორჩეული?

– მიუხედავად იმისა, რომ დევიდ ბოუვის სიმღერებზე არ გავზრდილვარ, მისი მოსმენა უფრო აქტიურად, სამწუხაროდ, ახლახანს, მისი სიკვდილის შემდეგ დავიწყე და მივხვდი, რომ ერთი სული გვქონია. ვიყიდე მისი ბოლო ალბომი “Blackstar”, რომელიც, ჩემი აზრით, მისი საუკეთესო ალბომია. მისი სიკვდილიც კი არტი იყო… ლამაზია, როდესაც ალბომს უშვებ და მეორე დღეს დედამიწას ბედნიერად ტოვებ. ის ნამდვილად გამორჩეული ადამიანი იყო და გული ბევრს დაგვწყვიტა, მათ შორის მეც და ჩემი მწუხარება ამ სიმღერაში გადავიტანე, სადაც, ჩემი აზრით, იგრძნობა, რომ ყველა ვარსკვლავი ოდესღაც ქრება…

– დაჩი, როგორია ევროპიდან დანახული ქართული ესტრადა, მუსიკალური სამყარო? ვითარდება, თუ ისევ ერთ ადგილას არის გაყინული?

– ქართულ შოუბიზნესს ბევრი რაღაც აკლია. ძალიან არის დაავადებული და მის მკურნალობას ბევრი დრო და სპეციალური ქირურგიული მიდგომა და ჩარევა სჭირდება. გვაკლია ხარისხიანი მუსიკა, მუსიკალურად განათლებული ერი არ ვართ, რადგან მაგალითად ცნობილი ჯგუფი ან სოლო მუსიკოსი რომ ჩამოვიდეს საქართველოში, შეიძლება 100 გულანთებული მსმენელი მივიდეს მხოლოდ მოსასმენად და სხვებმა იკითხონ ეს ვინ არისო… უარეს შემთხვევაში დატოვონ საკონცერტო ტერიტორია და დარჩეს ეს 100 ადამიანი… აი, ეს კი ნამდვილი სირცხვილი იქნება. თვითონ კონცერტის ორგანიზატორებიც ერიდებიან ისეთი მუსიკოსების ჩამოყვანას, რომელიც ძალიან ცნობილია მსოფლიოში მაგრამ საქართველოში არ მოუსმენენ… ეს უკვე ძალიან დიდი და სავალალო კულტურული პრობლემაა, სამწუხაროდ, და ამის გამოსწორებას ძალიან დიდი ხანი დასჭირდება, მაგრამ იმედი არის, რადგან ქართველი ახალგაზრდა თაობა ხარისხიან მუსიკას უსმენს.

– ქართველი მსმენელი გიცნობთ?

– ქართველი მსმენელი მიცნობს, მაგრამ ბევრი ნამდვილად არა.

– აპირებთ საქართველოში კონცერტის გამართვას?

– საქართველოში კონცერტს აუცილებლად გავმართავ.

პ.ს. სანამ დაჩი საქართველოში ჩამოვა და კონცერტს ქართველი მსმენელისთვის გამართავს, მოუსმინეთ მის შემოქმედებას და შეაფასეთ:
https://www.facebook.com/universemanmusic/?ref=hl
https://www.youtube.com/channel/UCSPqQQWo57zpI4Zj7VpVWiA
https://universeman.bandcamp.com/