24 მარტი, 2016

ლეილა ძიგრაშვილის იუბილეს მოზარდ მაყურებელთა თეატრი აღნიშნავს

leila130 მარტს, 19 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი საქართველოს სახალხო არტისტის ლეილა ძიგრაშვილის 90 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საიუბილეო შემოქმედებით საღამოზე სახელწოდებით „სტუმრად ჩემს პირველ თეატრში“ წარმოდგენილი იქნება მსახიობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში 1948-65 წლებში მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-მასალა. დამთვალიერებელი ნახავს ფოტოებს სპექტაკლებიდან: „პრინცესა ტურანდოტი“, „გალილეო გალიელი“, “ოჯახი“ და სხვა.

ხელოვანის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თეატრში ნაჩვენები იქნება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწოფო აკადემიურ თეატრში მოღვაწეობის ამსახველი ვიდეო მასალა სპექტაკლებიდან: დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი” (ელენე) რეჟისორები თემურ ჩხეიძე და რობერტ სტურუა; ლესინგის „ნათან ბრძენი“ (რეჰას გადია) რეჟისორი ვექსმუტი; ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ (იოსების დედა) რეჟისორი რობერტ სტურუა; გარსია ლორკა, „ბერნარდა ალბას სახლი“ (მოახლე) რეჟისორი თემურ ჩხეიძე; “გვადი ბიგვა.”

მოზარდ მაყურებელთა თეატრი იუბილეზე მისულ სტუმრებს შესთავაზებს ნაწყვეტებს კინოფილმებიდან: „ვირთხა“, „გამოცხადება“, „ნატვრის ხე“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (შოშმანა), “სიყვარული, ივერია და..1975“, „მოიტაცეს თამარ ქალი“ (თამრიკოს დედა), ტელე-სერიალი „სახლი ძველ უბანში“, რომელშიც იუბილარმა მსახიობმა გურამ საღარაძის მეუღლის, თამილას პერსონაჟი განასახიერა.

ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, რომ ლეილა ძიგრაშვილს გახმოვანებული აქვს უამრავი ფილმი, იგი კინოგახმოვანებაზე 1949 წლიდან მუშაობდა. მას გახმოვანებული აქვს ელდარ შენგელაიას ფილმი „შერეკილები“ მარგალიტა არიადნა შენგელაიას შესრულებით, მედეა ჯაფარიძის პერსონაჟი ფილმში „წარსული ზაფხული“, სოფიკო ჭიაურელის პერსონაჟი ფილმში „ჩვენი ეზო“, რომლის რეჟისორია რეზო ჩხეიძე, გულჩინა დადიანის პერსონაჟი ფილმში „პირველი მერცხალი“, მუშნის დედა ფილმში „დათა თუთაშხია“, ლიანა ასათიანის პერსონაჟი ფილმში „დიმიტრი თავდადებული“, ლია კაპანაძის პერსონაჟი რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში „დიდი მწვანე ველი“, ნანული სარაჯიშვილის პერსონაჟი რეჟისორ ზაზა კოლელიშვილის ფილმში „გარიგება“, ფატიმა ფილმში „ფატიმა“, არიადნა შენგელაიას პერსონაჟი ფილმში „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ და მრავალი სხვა.

ლეილა ძიგრაშვილი ასევე ახმოვანებდა რუსულ და ინდურ ფილმებსაც.

იუბილარმა მსახიობმა მონაწილეობა მიიღო რადიო „იმედის“ პროექტში „ვეფხისტყაოსანი ყველასათვის“.