1 თებერვალი, 2016

ცნობილი მხატვარი და კერამიკოსი ალდე კაკაბაძე გარდაიცვალა

1alde-kakabadze“ქართული კერამიკის დედა” – ასე უწოდებდნენ ცნობილ ქართველ მხატვარსა და კერამიკოსს ალდე კაკაბაძეს.

სამხატვრო აკადემიის პროფესორი, კერამიკის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მრავალი თაობის აღმზრდელი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ალდე კაკაბაძე ცნობილი ქართველი მხატვრის ალექსანდრე მრევლიშვილის შვილიშვილი და საბავშვო პოეტის მაყვალა მრევლიშვილის შვილი იყო.

ნაყოფიერი მოღვაწეობის პარალელურად, ალდე კაკაბაძე მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში – კერამიკის საერთაშორისო გამოფენაზე ჟენევაში, საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე ფიეცაში, მსოფლიო გამოფენაზე ვალორისში, ჩართული იყო კერამიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმზე შიკლოშში, გამოფენაზე მონრეალში, იუგოსლავიაში, საფრანგეთში.

ალდე კაკაბაძის პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში, მოსკოვში, კოპენჰაგენში, ნანტში, ვლადიმირში. ავტორია ნამუშევრებისა “ძველებური სიმღერა”, “მიტოვებული სოფელი”, კერამიკული პორტრეტი “კახელი”, მარანი “ორნი”, მარანი “საქართველო”. მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მუზეუმებშია დაცული.