Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რუსუდან ბოლქვაძის სპექტაკლი მოხსნილია

23 იანვარი, 2016

1rusudan-bolkvadzeმსახიობსა და რეჟისორს რუსუდან ბოლქვაძეს სპექტაკლი მოუხსნეს. გადაწყვეტილება კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ მიიღო. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურებულია – რუსუდან ბოლქვაძის მიერ დადგმული სპექტაკლი “ზვავი” თეატრის რეპერტუარიდან ამოღებულია და ის სცენაზე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში დაბრუნდება:

“ჩვენო საყვარელო და ერთგულო მაყურებელო, ვალდებულად ვთვლით თავს საქმის კურსში ჩაგაყენოთ: თუმანიშვილის თეატრის ამჟამინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა სპექტაკლი რეპერტუარიდან ამოიღო… ანუ, დაინტერესებულ მაყურებელს “ზვავის” ნახვა შეეძლება მხოლოდ რომელიმე ორგანიზაციის შეკვეთით, ან რამე ამდაგვარი საგანგებო მიზეზით…

ვემშვიდობებით ჩვენს საყვარელ სპექტაკლს, რომელმაც მოგვიტანა დიდი სიხარული, შემოქმედებითიც და ადამიანურიც, მოგვიტანა წარმატება საქართველოს ქალაქებშიც და საერთაშორისო ფესტივალებზეც. მადლობას ვუხდით თანადგომისთვის თეატრის ტექნიკურ პერსონალს, ადმინისტრაციას, კოლეგებს, რომლებიც ჩვენს სიხარულს იზიარებდნენ და უღრმესი მადლობა თქვენ, ძვირფასებო, ჩვენო მაყურებელო, რომ განგვაცდევინეთ ეს სიხარული.

ჩვენი სპექტაკლის სათქმელით გემშვიდობებით: “თუ გულწრფელი ხარ და გიყვარს, ყოველთვის გაიმარჯვებ!”

“არტინფო” რუსუდან ბოლქვაძეს დაუკავშირდა:

– რა გახდა თქვენი სპექტაკლის რეპერტუარიდან ამოღების მიზეზი? მაყურებლის ნაკლებობა?

– ასე ამბობენ… თუმცა არის სპექტაკლები, რომლებზეც ბევრად ნაკლები მაყურებელი დადიოდა… მაგრამ სამხატვრო ხელმძღვანელს აქვს არჩევის პრეროგატივა… აი, თავად სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევა კი, სამწუხაროდ, არ ხდება… დავამატებ: მთავარი საბაბი არის რეპერტუარის გადატვირთულობა. შეუძლებელია ყველა სპექტაკლის ხშირად გათამაშება… ყველას გვესმის, რომ გამოსახშირია სპექტაკლები, მაგრამ რომელი – ამას ერთპიროვნულად წყვეტს სამხატვრო ხელმძღვანელი ციფრებზე დაყრდნობით და საკუთარი მოსაზრებებით. “კოლექტიური დასწრების” მოთხოვნით არის შესაძლებელი მხოლოდ თამაში. ეგეც რამეა!