15 იანვარი, 2016

როგორ გადაარჩინა ექვთიმე თაყაიშვილმა ქართული საგანძური?

eqvtime_takaishvili2უნიკალური და ფასდაუდებელი ქართული საგანძურის გადარჩენა და დღემდე მოღწევა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) სახელთან არის დაკავშირებული.

ექვთიმემ საკმაოდ რთული და მძიმე გზა განვლო იმისთვის, რომ ქართული კულტურის ფასდაუდებელი ექსპონატები გადაერჩინა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მისი არქივი დაახლოებით 2500 ერთეულს შეადგენს. აქვეა დაცული მის მიერ გადარჩენილი საგანძურის გამორჩეული ნაწილი: ბერთის, ტბეთის, ალავერდის, მოქვის ოთხთავები… აქვეა ეგრეთ წოდებული „წერეთლისეული“ „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც მან „მზაკვრული“ ხერხით მოიპოვა და შემოუნახა ქართველ ერს… ექვთიმე თაყაიშვილის მიერ „მზაკვრული“ ხერხებით მოპოვებული და გადარჩენილი არაერთი არტეფაქტი დღეს ქართული კულტურის ფასდაუდებელი საგანძურია.

„წერეთლისეული“ „ვეფხისტყაოსანი“ მეცნიერს დავით სარაჯიშილის ოჯახში უნახავს და აქვე შეუტყვია მფლობელის განზრახვა მისი ბარონ დე ბაისთვის საჩუქრად გადაცემის შესახებ. ამ ცნობით დაზაფრულ ექვთიმეს მეწარმისთვის სასწრაფოდ უთხოვია წიგნი მხოლოდ რამდენიმე დღით, მხოლოდ სამეცნიერო აღწერის მიზნით. მალე სარაჯიშვილი საქართველოდან გამგზავრებულა. სამშობლოში დაბრუნებულს მოუკითხავს ხელნაწერი. თაყაიშვილს კი ამასობაში „ვეფხისტყაოსანი“ სარაჯიშვილის სახელით წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმისთვის შეუწირავს. ფაქტის წინაშე დამდგარი, სასიამოვნოდ გაოგნებული სარაჯიშვილი უსიტყვოდ შეგუებია ამ ამბავს.

ექვთიმე თაყაიშვილის ამგვარ „მზაკვრობას“ მხოლოდ ერთადერთი ახსნა და მიზანი ჰქონდა:
„მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე.“

ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლების გადარჩენის ექვთიმესეული გზა თავის დროზე თურმე ასე დაწყებულა.