12 იანვარი, 2016

ხელოვნების ქურუმი უხუცეს ფერმწერს

1levan-cucqiridzeუხუცეს ფერმწერსა და გრაფიკოსს ლევან ცუცქირიძეს ხელოვნების ქურუმს გადასცემენ. 90 წლის ხელოვანს ჯილდო ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭება.

სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა, ანდერსენის სახელობის საერთაშორისო დიპლომის და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელმა 1980 წელს სიონის საკათედრო ტაძარი მოხატა. ოთხ წიგნად არის გამოცემული მხატვრის მიერ დასურათებული „წმინდა ოთხთავი“, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“.

ლევან ცუცქირიძემ ასევე შექმნა ილუსტრაციები შოთა რუსთაველის პოემისთვის „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც საქართველოში, სომხეთში, რუსეთში, იაპონიასა და გერმანიაში გამოიცა. მასვე ეკუთვნის გოეთეს „ფაუსტის“ დასურათებაც, რომელიც დღემდე ვაიმარში, გოეთეს სახლ-მუზეუმში ინახება.