17 იანვარი, 2016

დავით სარაჯიშვილის ანდერძი, რომელიც აღგაფრთოვანებთ

1davit-sarajishvilis-anderdziცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის სახელი სხვადასხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან არის დაკავშირებული, თუმცა მათგან ყველაზე აღსანიშნავია სამუსიკო სასწავლებლის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბება.

მეცენატს უკურნებელი სენი შეეყარა. მას ვერ უშველა ბერლინში გაკეთებულმა ოპერაციამ და 63 წლის ასაკში სწორი ნაწლავის კიბოთი გარდაიცვალა.

გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე დავითს გერმანიაში დაუჩივლია, ვკვდები, რა დამშვიდებით მოვკვდებოდი, რომ სამშობლოს იმედი მიმყვებოდესო.

იმ დღეებში „სახალხო გაზეთი“ წერდა: „ამბობენ, ავადმყოფი, მძიმე სენით შეპყრობილი, მომაკვდავი ადამიანი დიდი ეგოისტი ხდებაო. თვალი გადაავლეთ დავითის უკანასკნელ სიტყვებს, იმის ანდერძს და დარწმუნდებით, რომ ამ მხრივაც ეს შესანიშნავი ადამიანი განირჩეოდა სხვათაგან, ღირსეულის ანდერძით დააგვირგვინა მან თავისი კეთილი და ნაყოფიერი სიცოცხლე და კუბოს კარების წინაშეც მისი უკანასკნელი სურვილი საერო, საქვეყნო ჭირის გაზიარება იყო. ჭეშმარიტად იმაზედ არის გამოჭრილი გურამიშვილის სიტყვები: „მოკვდა და თვისის ანდერძით, აწ ისევ საქმობს მკვდარიო!”

ანდერძმა კი, რომელიც ბერლინისკენ მიმავალმა როსტოვში გააფორმა, საზოგადოება გააოგნა – დავით სარაჯიშვილმა პირადი ქონების უდიდესი ნაწილი, უძრავი და მოძრავი ქონება საქართველოს დაუტოვა!

ანდერძის თანახმად ქონება – სამი მილიონი მანეთი შემედეგნაირად ნაწილდებოდა:

1. 500 ათასი მანეთი – წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

2. 150 ათასი მანეთი – ქუთაისის თეატრის ასაშენებლად.

3. 200 ათასი მანეთი – ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას.

4. 25 ათასი მანეთი – ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას.

5. 50 ათასი მანეთი – თბილისში პოლიტექნიკურ ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად.

6. 30 ათასი მანეთი – ვლადიკავკავის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეთათვის, სწავლის ქირის გადასახდელად (განურჩევლად ეროვნებისა);

7. 25 ათასი მანეთი – საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადებას წიგნების გამოსაცემად.

8. 100 ათასი მანეთი – თბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას.

9. 10 ათასი მანეთი – სამიწათმოქმედო სახელოსნოს გამოსწორებულ ახალშენთა და თავშესაფართა საზოგადოებას.

10. 171 ათასი მანეთი – სარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებისათვის;

11. 5 ათასი მანეთი – ქართული ფილარმონიის საზოგადოებისათვის;

12. 20 ათასი მანეთი – ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას – ქართული ახალი ორიგინალური ბელეტრისტული ნაწერებისათვის პრემიის დასანიშნად.

13. 50 ათასი მანეთი – ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესანახად.

14. 10 ათასი მანეთი – მოსკოვის ქართულ საზოგადოებას.

15. 10 ათასი მანეთი – დიდუბის ტაძარს.

16. 5 ათასი მანეთი – რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოების სადგურს ოდესაში.

17. 200 ათასი მანეთი – ქირურგიულ საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში.

იაკობ გოგებაშვილი დავითის გარდაცვალების შემდეგ წერდა:

“თავისი ანდერძით სიკვდილი დათრგუნა და ბრწყინვალე შარავანდედი შეიმოსა…
მე ამჟამად არ ძალმიძს აღვნუსხო არც დიდი ამაგი განსვენებულისა და არც მისი უმაგალითო ქველმოქმედება. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ განსვენებულს მამისგან დარჩა მცირედი თანხა და მან ეს თანხა თავისი ცოდნით და მხნეობით მილიონებად გადააქცია… და ბოლოს, მთელი თავისი დიდი ქონება, შეძენილი პატიოსანი გზით და უმწიკვლო მოქმედებით, მან დაუტოვა ქვეყანასა.”