4 დეკემბერი, 2015

ირაკლი ოჩიაური გარდაიცვალა

1irakli-ochiauri91 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი ირაკლი ოჩიაური  გარდაიცვალა. ეს სამწუხარო ინფორმაცია საავტორო უფლებათა ასოციაციამ გაავრცელა:

“საავტორო უფლებათა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მოქანდაკის და მხატვრის, ირაკლი ოჩიაურის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს!”

საქართველოს სახალხო მხატვარმა დიდი მოქანდაკის, იაკობ ნიკოლაძის რჩევით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი დაამთავრა. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო “ვაჟა-ფშაველა”.

ირაკლი ოჩიაურმა საფუძველი ჩაუყარა ძველი ქართული ეროვნული ხელოვნების, კერძოდ კი ჭედურობის აღორძინებას. მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგში – ფერწერასა და გრაფიკაში, პორტრეტსა და ქანდაკებაში, მონუმენტურ დეკორატიულ ხელოვნებაში, დაზგურ გრაფიკასა და ლითონმქანდაკებლობაში.

მისი შექმნილია ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლი სტეფანწმინდაში, ვაჟა-ფშაველას ძეგლი დუშეთში. ირაკლი ოჩიაურის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, სიეტლის ხელოვნების მუზეუმში, იაპონიის, აშშ–ს და სხვა მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.