11 დეკემბერი, 2015

კონსერვატორია „საახალწლო მუსიკალურ შეხვედრებს“ მასპინძლობს

1saaxalwlo-shexvedrebiვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია XVIII საერთაშორისო ფესტივალს „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ მასპინძლობს.

წელს ფესტივალი 14 დეკემბერს, 20:00სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჯეფ ბალარდის ამერიკული ჯაზ-ტრიო გახსნის. ბრედ მელდაუსა და ჯოშუა რედმანის დრამერი ქევინ ჰეისთან (ფორტეპიანო) და მეტ ბრუერთან (ბასი) ერთად დაუკრავს.

ფესტივალი კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 14-29 დეკემბერს ტარდება.

საერთაშორისო ფესტივალში მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები მონაწილეობენ:

მევიოლინე – ჩაიკოვსკის, ვენიავსკის, სიბელიუსის სახელობის საერთაშორისო სავიოლინო კონკურსების პირველი პრემიის ლაურეატი – ნიკიტა ბორისოგლებსკი, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავთან, პიანისტ ბორის ბერეზოვსკისთან ერთად დაუკრავს.

პიანისტები: ალექსანდრე კორსანტია, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი – თამარ ბერაია და ლონდონში მოღვაწე ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს).

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, სოლისტები ბენჟამენ მარკიზ გილმორი (ვიოლინო) და იოზეფ პულია (ვიოლინო), დირიჟორი – ლევ მარკიზი.

მსმენელის წინაშე წარსდგება გერმანიაში მოღვაწე ორღანისტი გაბრიელ (გარი) კონიაევი, რომელმაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორღანო კლასი ეთერ მგალობლიშვილთან დაამთავრა.

წლევანდელ ფესტივალზე სიახლეა – რუბრიკა „დებიუტი“, სადაც მსმენელის წინაშე ლონდონში მოღვაწე 24 წლის ქართველი პიანისტი ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს) წარსდგება. თბილისში მისი სადებიუტო კონცერტია.

ამერიკული ჯაზ-ტრიო: ჯეფ ბალარდი (დრამი). ქევინ ჰეისი (ფორტეპიანო) და მეტ ბრუერი (ბასი).

ფესტივალის განმავლობაში დიდი დარბაზის ფოიეში იურა ბერიშვილის ნახატების გამოფენა იქნება წარმოდგენილი.

წელს “საახალწლო მუსიკალური შეხვედრების” ფარგლებში 8 ღონისძიება გაიმართება.
ფესტივალი მოიცავს საფორტეპიანო, კამერული და საორღანო მუსიკის კონცერტებს, ასევე ჯაზის საღამოს.

„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1997 წელს დაარსდა. იგი ყოველწლიურად იმართება დეკემბრის მეორე ნახევარში და ორი კვირა გრძელდება.

წლევანდელი ფესტივალის განრიგი ასეთია:

14 დეკემბერი, 20:00სთ – ჯეფ ბალარდის ჯაზ ტრიო (აშშ)
ჯეფ ბალარდი (დრამი), ქევინ ჰეისი (ფორტეპიანო), მეტ ბრუერი (ბასი)

17 დეკემბერი, 19:00სთ – საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი – თამარ ბერაია

19 დეკემბერი, 19:30სთ – კამერული მუსიკი კონცერტი.
ბენჟამინ მარკიზ გილმორი (ვიოლინო), იოზეფ პულია (ვიოლინო), „საქართველოს სინფონიეტა“, დირიჟორი ლევ მარკიზი

21 დეკემბერი, 19:30სთ – საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი – ალექსანდრე კორსანტია

22 დეკემბერი, 19:00სთ – საორღანო მუსიკის კონცერტი – გარი კონიაევი (გერმანია)

25 დეკემბერი, 19:00სთ – კამერული მუსიკის კონცერტი: ბორის ბერეზოვსკი (ფ-ნო, რუსეთი) – ნიკიტა ბორისოგლებსკი (ვიოლინო, რუსეთი)

27 დეკემბერი, 19:00სთ – დებიუტი – საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი – ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს)

29 დეკემბერი, 19:00სთ – სულხან ცინცაძის საიუბილეო საღამო.
სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, ლიზი რამიშვილი (ჩელო), თამარ ლიჩელი (ფ-ნო), ირინა თაბორიძე (სოპრანო), ცირა ქამუშაძე (ფ-ნო), ინგა ლობჟანიძე (ფ-ნო).