1 ნოემბერი, 2015

უკრაინულ ,,იქს ფაქტორში’’ გამარჯვებისთვის 5 ქართველი იბრძოლებს

1iqs-faqtori-ukrainashiუკრაინული “იქს ფაქტორის” მეექვსე სეზონში პირველობისთვის ხუთი ქართველი მომღერალი იბრძოლებს. მუსიკალურმა პროექტმა უკვე შეარჩია ის 12 კონკურსანტი, რომლებიც საუკეთესოებად მიიჩნია.

უკვე მეორე სეზონია პროექტის ჟიურიში ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძეა მიწვეული, რომელიც უკრაინელ კოლეგებთან ერთად საუკეთესო მომღერლებს აძლევს შანსს შოუს გამარჯვებულები გახდნენ.

უკრაინული “იქს ფაქტორის” მექვსე სეზონში ბევრმა ქართველმა მომღერალმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი, ზოგს ქართველი მსმენელი უკვე იცნობდა, ზოგი კი უკრაინელ მაყურებელთან ერთად გაიცნო.

ანდრია გველესიანი, გიორგი ჩიქოვანი, გიგი ადამაშვილი, ბესიკ ნემსაძე, ჯგუფი “სპარკლი”, ქრისტინე მარტიაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ნათია თოდუა, თათია კობალაძე – ეს ის ქართველები არიან, რომლებმაც უკრაინულ პროექტში ნამდვილი ფურორი მოახდინეს, თუმცა ყველამ ვერ შეძლო სამი სკამის ტურში რჩეულ 12 კონკურსანტს შორის მოხვედრა.

საუკეთესოთა შორის არიან ბესიკ ნემსაძე, თათია კობალაძე, ქრისტინე მარტიაშვილი, ნინი ნუცუბიძე და ჯგუფი “sparkle”. მომავალი კვირიდან ლაივ კონცერტები იწყება და გამარჯვებისთვის ბრძოლაც გადამწყვეტ ფაზაში შევა.