19 ნოემბერი, 2015

ქართულმა ფილმმა ამერიკაში მთავარი პრიზი მოიგო

1nagmi-gamarjvebuliaქართული ფილმები წარმატებით მოგზაურობენ მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე და გამარჯვებებსაც აღწევენ.

ნიუ იორკში საშინელებათა ჟანრის ფილმების რიგით მე-14-ე საერთაშორისო კინოფესტივალი (New York City Horror Film Festival) გაიმართა. ყოველწლიურ ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ფილმები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.

წელს ფესტივალზე საქართველოს წარმოადგენდა რეჟისორი ლევან ბახია და მისი ფილმი “LANDMINE GOES CLICK” ანუ ”ნაღმი”, რომელმაც მთავარი პრიზი მოიგო. ფილმში ერთ-ერთი როლის შემსრულებელმა მსახიობმა Sterling Knight-მა კი საუკეთესო მსახიობის ჯილდო დაიმსახურა.

“LANDMINE GOES CLICK” ქართულ-ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერია. მისი პრემიერა შარშან გაიმართა. გადაღებები ბირთვისში მიმდინარეობდა. უცხოელ მსახიობებთან ერთად ფილმში მონაწილეობენ ქართველი მსახიობებიც – კოტე თოლორდავა, გიორგი ცაავა, ნანა კიკნაძე და ელენე ბეზარაშვილი.

პროექტი კანადელ სცენარისტთან ედრიან კოლუსისთან ერთად შეიქმნა. ფილმი სამი ამერიკელი ტურისტის შესახებ მოგვითხრობს. ბუნებაში სეირნობის დროს მეგობრებიდან ერთ-ერთი ფეხს შემთხვევით ნაღმზე დაადგამს. მეგობრები დახმარებას ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ. მისი სიცოცხლე მაშინვე დასრულდება, როგორც კი ის ოდნავ მაინც გამოძრავდება.

ფილმი თავისი დაძაბული სიუჟეტით, სასიყვარულო სამკუთხედითა და რამდენიმე თამამი სცენით ამერიკაში გამართული საერთაშორისო კინოფესტივალის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ინდიანას შტატის ქალაქ ბლუმინგტონში ჩატარებულ კინოფესტივალზე ფილმში შესრულებული როლისთვის კოტე თოლორდავა საუკეთესო მსახიობად დაასახელეს.