29 ნოემბერი, 2015

დავით არსენიშვილს ძეგლს დაუდგამენ

1davit-arsenishviliთბილისში თეატრალური მუზეუმის დამაარსებელს დავით არსენიშვილს ძეგლს დაუდგამენ.
მის მიერ წლების წინ დაარსებული მუზეუმი ამ ტიპის პირველი სიძველეთსაცავი იყო ამიერკავკასიაში. მუზეუმს დავით არსენიშვილმა პირად კოლექციაში არსებული 500 ექსპონატი შესწირა. ერთი წლის შემდეგ კი შემოწირულობებით მუზეუმს 3000-ზე მეტი ექსპონატი დაუგროვდა.

თეატრალურ მუზეუმს ახლა ხელოვნების სასახლე – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი ჰქვია. დავით არსენიშვილის ძეგლიც ამ მუზეუმში დაიდგმევა.

ინფორმაციას ამის შესახებ მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს:

“ბედნიერი ვარ იმით, რომ დამოუკიდებელ საქართველოში დავით არსენიშვილს ძეგლს დაუდგამენ! დავით არსენიშვილი – ჩვენი და ლიტერატურის მუზეუმების დამაარსებელი, ანჩისხატის აფეთქებისაგან გადამრჩენი, ვახტანგ და თეიმურაზ მეფეების საფლავების ჭირისუფალი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ეროვნული საქმის შემოქმედი, სამაგიეროდ უსამართლოდ მივიწყებული და რეპრესირებული.

მისი დაბადებიდან 110 წლის შემდეგ, 4 დეკემბერს ხელოვნების სასახლეში ამ დიდი ქართველის ძეგლი გაიხსნება, ძეგლი, რომელიც დასტურია იმისა, რომ მივიწყების სუდარა უკვდავ სახელებს ვერაფერს დააკლებს!

დიდი მადლობა მოქანდაკეს დადა არსენიშვილს შესანიშნავი სკულპტურისათვის, დამფინანსებელს ჩვენი მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს წევრს ბატონ გია ბაზღაძეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერისათვის.

ვულოცავ საკუთარ თავს იმიტომ, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ჩვენ ეს მოვახერხეთ, დიდი მადლობა მუზეუმის ყველა თანამშრომელს (ყოფილსა თუ ამჟამინდელს) ვისაც ამ საქმეზე გული შესტკიოდა, გეპატიჟებით ყველას!”