13 ოქტომბერი, 2015

ვინ ძარცვავს მუზეუმებს?

1muzeumebi– ვინ ძარცვავს მუზეუმებს?- ამ კითხვას ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სვამს და თავადვე ასკვნის, – ისინი, ვისაც ხელოვნების მუზეუმიდან საგანძურის გადატანა უნდათ!

ნინო მიქიაშვილი:

“სამუზეუმო საქმისადმი, მუზეუმებში დაცული ექსპონატებისადმი დამოკიდებულება მთავრობის ცვლილებასთან ერთად უკეთესობისკენ არ შეცვლილა. იმ გეგმების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უკვე ცნობილია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებენ ამავე რეჟიმის ნარჩენები. ვგულისხმობ ექსპონატების, ნივთების ერთმანეთში აღრევას, გადანაწილებას და ისეთი ქაოსის შექმნას, რომ თეთრისა და შავის ერთმანეთისაგან გარჩევა გახდება რთული.

მუშაობენ კანონზე, რომლის მიხედვით ყველა მუზეუმის ერთი ქოლგის ქვეშ თავმოყრა მოხდება და ერთი მუზეუმიდან მეორეში ექსპონატის გადაადგილება პრობლემა არ იქნება. მუზეუმთან დაკავშირებულ ყველანაირ კანონს მოაქცევენ ერთ კოდექსში და ამას აკეთებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე. აქვე შეგახსენებთ რომ ბატონი ანთიძე საყდრისის აფეთქების საქმეში მოწინავე პოზიციაზეა, რასაც ის არ მალავს, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ნარჩენის დავით ლორთქიფანიძისგან განსხვავებით, რომელსაც საყდრისის აფეთქებაზე მკაფიო პოზიცია ამ წუთამდე არ დაუფიქსირებია, პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და თუ რატომ, ამაზე შეიძლება მსჯელობა, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით.

დავით ლორთქიფანიძე დღეს თავს იწონებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობით. მეგობრობაში ცუდი არაფერია, მაგრამ როცა ამგვარი მეგობრობის გამოყენებით ადამიანი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისთვის საზიანო საქმეებს ჩადის, ეს რბილად, რომ ვთქვათ, მიუღებელია. სხვათა შორის, 2011 წლის 26 მაისს, სისხლიან რუსთაველზე დავით ლორთქიფანიძეს ბრწყინვალების ორდენი სწორედ მისმა იმჟამინდელმა ახლო მეგობარმა მიხეილ სააკაშვილმა გადასცა.

ხსენებული ფაქტების ირგვლივ „ობიექტივის“ ეთერიდან არა ერთხელ ვთქვი, აქ, ჩემს გვერდზეც დავწერე, ვიდეოკომენტარების და კონკრეტული დოკუმენტების მოხმობით. ახლა გადავიდეთ ფაქტებზე, სიახლეებზე.

მუზეუმების ძარცვისა და იქ შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ „ობიექტივში“ კლიპები ტრიალებდა. ეროვნული მუზემიდან ერთადერთი აღმოჩნდა ელდარ ნადირაძე, ეროვნული მუზეუმის მთავარი კურატორი, ვინც უკმაყოფილება ღიად გამოხატა – 2015 წლის 18 თებერვალს ინტერვიუ მისცა. ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ „ობიექტივში“ მოვიწვიე, მაგრამ არ მოვიდა, თავაზიანი უარი მითხრა. აი, ამონარიდი ელდარ ნადირაძის ინტერვიუდან:

„ანტირეკლამა რომელიც ეროვნული მუზეუმის დისკრედიტაციისთვის გადის ყოველდღე “ობიექტივის” ეთერით, ყოველგვარი ზომიერების ფარგლებს სცილდება. გარდა იმისა, რომ მუზეუმის თითოეული თანამშრომლისთვის შეურაცხყოფის ტოლფასია, ამით ჩრდილი ადგება ქართული კულტურის უდიდესი მნიშვნელობის მქონე კერას, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ დაუმსახურებია ასეთი სასტიკი შეფასება“.

„ობიექტივის“ ეთერიდან მუზეუმის თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიგვიყენებია, არც კლიპით, არც სიტყვით. მათ კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას. ბუნებრივია, ეს არ ეხებათ იმათ, ვინც სვანეთის საგანძური 2011 წელს ამყოფა სამშენებლო ნაგავში.

სხვათა შორის, ზუსტად 4 წლის წინ საქართველოს პარლამენტში გაიმართა ფრაქციის ღია სხდომა, სვანეთის საგანძურის გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: დიმიტრი ლორთქიფანიძე, თამაზ დიასამიძე, ჯონდი ბაღათურია, გია ცაგარეიშვილი, კარლო კოპალიანი. 2011 წლის 12 ოქტომბერს გამართული ფრაქციის ღია სხდომა, რომელიც მეორე არხით არაერთხელ გადაიცა, ძალიან სასარგებლო იყო. სხვათა შორის, ბატონ ცაგარეიშვილს და ბატონ კოპალიანს საყდრისიდან არაერთხელ დავურეკე, ოფიციალურადაც მივმართე, რომ ეგებ საყდრისის გადარჩენა ფრაქციის ღია სხდომით ეცადათ, მაგრამ საყდრისის გადასარჩენად არაფერი გააკეთეს.

ახლა დავუბრუნდეთ „ობიექტივის“ კლიპებში ასახულ ინფორმაციას – ელდარ ნადირაძის შეფასებით ეს იყო ანტირეკლამა, მაგრამ ბატონი ნადირაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ ცდილობს, ამას მრავალი ფაქტი ადასტურებს.

აი, მაგალითად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამედროვე ქანდაკებათა საცავიდან 16 ცალი ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 2010 წელს დაწყებული აქვს წინასწარი გამოძიება, რისი დამადასტურებელი დოკუმენტი შსს-დან გამოვითხოვე და მივიღე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მუზეუმის შემოწმების მასალები გადაგზავნილი აქვს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და დაწყებულია გამოძიება. ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტიც მაქვს – აუდიტის სახელმწიფო სამსახურიდან გამოვითხოვე და მივიღე.

და კიდევ ერთი ფაქტი, საგანგაშო და შემაძრწუნებელი – 2014 წელს ჟინვალის არქეოლოგიური ბაზა რომ გაიძარცვა, ამაზე კლიპები „ობიექტივში“ ტრიალებდა, სანამ შსს-მ დანაშაული არ გახსნა. იქიდან მოყოლებული თვეში რამდენჯერმე მივდიოდი თბილისის საქალაქო სასამართლოში და ვკითხულობდი საქმის განხილვა როდის იყო ჩანიშნული. სხვანაირად ვერ გავიგებდი, არავინ მეტყოდა. საინფორმაციო ბიუროში ვეუბნებოდი დაკავებული ადამიანის სახელსა და გვარს და დაზარალებულს, ანუ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მოგეხსენებათ რომ დუშეთის არქეოლოგიური ბაზა ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შედის. ყოველ ჯერზე მპასუხობდნენ, რომ საქმე არ შემოსულა, საქმე არ შემოსულა.

ამასობაში ჟინვალის არქეოლოგიური ბაზის ძარცვის ფაქტზე დაკავებული ამავე ბაზის დარაჯი თემურ ვარსიმაშვილი გაუსამართლებიათ, მცხეთის სასამართლოში, მიმდინარე წლის 10 თებერვალს.

წერილობით მივმართე მცხეთის რაიონულ სასამართლოს, გამოვითხოვე განაჩენის ასლი და მივიღე კიდეც. საქმე განიხილა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ლობჟანიძემ. აი, ეს არის ამონარიდი 10 თებერვალს გამოტანილი განაჩენიდან:

„სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თ.ვ-მ ჩაიდინა განსაკუთრებული ისტორიული და ეროვნული ღირებულების ნივთის დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში – 2014 წლის 24 აპრილიდან 28 ივნისის პერიოდში, ზუსტი დრო დაუდგენელია, დუშეთის რაიონის მილახვრიანთ დასახლებაში მდებარე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია თ.ვ-მ, საიდანაც ფარულად დაეუფლა იქ არსებულ სამუზეუმო, განსაკუთრებული ისტორიული და ეროვნული ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთებს. აღნიშნული ქმედებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მიადგა 82 865 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი“.

რადგან თემურ ვარსიმაშვილმა თავი დამნაშავედ ცნო, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოზე არ გამოუკვლევიათ, არც მოწმეები დაუკითხავთ. კიდევ ერთი ამონარიდი 10 თებერვალს გამოტანილი განაჩენიდან:

„ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს იმას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ თ.ვ-ს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ვადით“.

თემურ ვარსიმაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს ადამიანი დააკავეს 2014 წლის 11 სექტემბერს. განაჩენი, რომელიც მცხეთის რაიონული სასამართლოდან მივიღე, სამგვერდიანია.

სხვა დეტალების დასაზუსტებლად ავდექი და წერილობით მივმართე ეროვნულ მუზეუმს. პასუხი მივიღე:

„ქურდობის შედეგად ბაზიდან მოპარული არტეფაქტების, მათი ფრაგმენტებისა და არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალის საერთო რაოდენობა საველე დავთრებში არსებული ნომრების მიხედვით შეადგენს 2 618 ერთეულს“.

ანუ ოფიციალური მონაცემით, 2014 წლის 24 აპრილიდან 28 ივნისამდე – ორი თვის განმავლობაში ჟინვალის არქეოლოგიური ბაზიდან გაიტანეს 2 ათას 618 ერთეული ექსპონატი და ნივთი. და ეს საქმე მიფუჩეჩებულია, საზოგადოებამ ამ საქმის დეტალების ირგვლივ აქამდე არაფერი იცოდა.

მუზეუმებიდან ექსპონატების და ფონდებში დაცული ნივთების დანიავება, რომ დაწყებულია და ამ საქმის გაგრძელებას, რომ აპირებენ, ამაზეც კონკრეტული ფაქტები მეტყველებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2014 წლის 6 ივნისის N1 007 განკარგულების საფუძველზე ებრაელთა ახლადშექმნილ მუზეუმში ექსპონატები ეროვნული მუზეუმიდან გადაზიდეს, სამუდამოდ! ამაზე იმდენჯერ ითქვა და იმდენჯერ დაიწერა, სხვადასხვა მედიასაშუალებებშიც, რომ თვალი უსათუოდ გექნებათ მოკრული.

აიჩემეს ღვინის მუზეუმის შექმნა და მეორე წელია ამაზე გაუთავებლად ლაპარაკობენ. ახლა ლაპარაკს აღარ დასჯერდნენ, ქმედებაზე გადავიდნენ. დღედღეზე ალბათ, მორიგი კანონქვემდებარე აქტი გამოვა და მუზეუმებში დაცული ღვინის ისტორიის ამსახველი ექსპონატები და ფონდებში შენახული ნივთები გადავა ღვინის მუზეუმში, რასაკვირველია, სამუდამოდ!

ღვინის დღე გასულ წელს დააწესეს და წელს მეორედ აღნიშნეს. ხელისუფლების წევრები, მეღვინეები 4 ოქტომბერს ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებული შენობის გახსნაზე შეიკრიბნენ და ქართული ღვინის ცენტრში მცირე მუზეუმი გაიხსნაო, თქვეს.

4 ოქტომბრის ღონისძიებაზე გადაღებულ და გავრცელებულ ფოტო და ვიდეოკადრებზე ჩანს ექსპონატები, რომელსაც პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს და უცხოელ სტუმრებს ათვალიერებინებს დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი და ამავე მუზეუმის მთავარი კურატორი ელდარ ნადირაძე. აი, ის ბატონი, „ობიექტივის“ კლიპებმა ძალიან, რომ ააღელვა.

მოკლედ, დავით ლორთქიფანიძე ღვინის მუზეუმს უკეთებს პრემიერ-მინისტრს, რომელიც თავის მხრივ ერთობ თბილად იხსენიებს ადამიანს, რომლის საქმიანობის ირგლივ კითხვები მხოლოდ მე კი არა, მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენი დავით ლორთქიფანიძე თავს იმაზე კარგად გრძნობს, ვიდრე ცხრაწლიანი რეჟიმის დროს.

გაგახსენებთ 2012 წლის 7 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილი, ივანე მერაბიშვილი და დავით ლორთქიფანიძე ცდილობდნენ ხელოვნების მუზეუმიდან ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები გამოეტანათ.

აქვე გთხოვთ, ერთი წუთით წარმოიდგინოთ რა შეიძლება მოჰყვეს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდიდან მთელი საგანძურის გამოტანას, რასაც დავით ლორთქიფანიძე აპირებს და ჩემი ინფორმაციით, ამაში პრემიერ-მინისტრის სიტყვიერი მხარდაჭერა უკვე აქვს. ახლა ის ელოდება შესაბამის განკარგულებას, რომ საწადელი აისრულოს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი დავით ლორთქიფანიძისგან ელოდება ჯიღაურაში ღვინის მუზეუმის გაკეთებას და იქ ექსპონატების ეროვნული მუზეუმიდან გადატანას.

იმედია, როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე ხელისუფლების დანარჩენი წევრები დაფიქრდებიან და გაიაზრებენ რა შეიძლება მოჰყვეს საგანძურისთვის ხელის ხლებას.”