7 ოქტომბერი, 2015

,,ვეფხისტყაოსნის” კიდევ ერთი აღიარება

1vefxistyaosaniშოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” კიდევ ერთი აღიარება. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროფესორ ნესტან სულავას ხელმძღვანელობით მოამზადეს ნომინაცია, რომელიც ითვალისწინებს „ვეფხისტყაოსნის ზეპირად ცოდნის ტრადიციისთვის“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას.

სახელმწიფოს მხრიდან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ხელს ამ ტრადიციის შენარჩუნებას და პოპულარიზაციას უწყობს.

„არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა არის საზოგადოების, ცალკეული ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებული ადათ-წესები, წარმოდგენისა და გამოსახვის ფორმები, ცოდნა და ჩვევები – ასევე მათთან დაკავშირებულ ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები“ – ასეთია „კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“.

დღემდე, იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ორი ქართული ნომინაციაა შეტანილი: “ქართული მრავალხმიანობა“ და “ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“. 2015 წლის მარტში, იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის კომიტეტს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლი „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ გადაეგზავნა განსახილველად.