20 ოქტომბერი, 2015

ტიციან ტაბიძის უნიკალური არქივი საჯაროა

1tician-tabidze1937 წლის რეპრესიებს შეწირული პოეტის ტიციან ტაბიძის უნიკალური მასალები საჯაროდ გამოიფინება.

ექსპოზიცია პოეტის 120 წლის იუბილეს ეძღვნება, სადაც ქრონოლოგიურად წარმოდგენილი იქნება მწერლის ცხოვრების, მოღვაწეობის, შემოქმედების, უცხოელ მწერლებთან ურთიერთობის ამსახველი მასალები – ფოტოები, ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, უნიკალური წიგნები და ჟურნალ-გაზეთები, სხვადასხვა მხატვრის შესრულებული პორტრეტები და შარჟები, ასევე ლიტერატურის მუზეუმსა და ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზუმში მუშაობის პერიოდის დოკუმენტები.

გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში 20 ოქტომბერს გაიხსნება. ამავე დღეს შედგება ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მწერლის ნაწარმოებთა ორტომეულის წარდგენა. პირველი ტომი აერთიანებს ლექსებს, პოემებს, პოეტური და პროზაული ტექსტების თარგმანებს, მეორე ტომში თავმოყრილია ნოველები, მინიატიურები, კინოპიესები, პირადი და ოფიციალური მიმოწერა.