21 ოქტომბერი, 2015

მოზარდმაყურებელთა თეატრში ,,სალამურას” პრემიერა გაიმართება

1salamura25 ოქტომბერს 13 საათზე მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარებს მორიგ საჩუქარს სთავაზობს – არჩილ სულაკაურის ყველასთვის საყვარელი ნაწარმოები “სალამურა” დიდ სცენაზე ახლებური ინტერპრეტაციით იქნება წარმოდგენილი.

„სალამურას“ ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი კოტე მირიანაშვილია. წარმოდგენა გაჯერებულია მუსიკითა და ორიგინალური ქორეოგრაფიით, მუსიკალური გაფორმებაზე ალექსანდრა ლორთქიფანიძემ იმუშავა, ქორეოგრაფიაზე – ლაშა რობაქიძემ. სპექტაკლის სცენოგრაფია ლომგულ მურუსიძეს ეკუთვნის, ორიგინალური კოსტიუმების მხატვარია მაია სხირტლაძე. სპექტაკლში გამოყენებულია მუსიკალური ნომერი, რომელსაც ცოცხლად შეასრულებს ტელე-პროექტ „Voice“-ის პირველი სეზონის ფინალისტი ლევან გვაზავა.

ორმოქმედებიან წარმოდგენაში პატარები შეხვდებიან მათთვის კარგად ნაცნობ პერსონაჟებს სალამურასა და ციცინათელების მწყემს ბაიას, გაბღენძილ მეფე ქონდარ მეთხუთმეტეს, დედოფალ ქონდარინეს და მათ ვაჟს, უფლისწულ ქონდარუხს, გაიძვერა ქონდართუხუცესს, ბრძენ კინა-ლოკოს და მრავალ სხვას.

ჯიუტი და თავნება უფლისწული ქონდარუხი სიზმრად ციცინათელების მწყემს ბაიას ნახავს და მასთან თამაშს მოიწადინებს, ამიტომ ღამის შიკრიკები ბაიას იტაცებენ და ქონდარეთში მიჰყავთ. ჭიამაიების მწყემსი ბიჭუნა სალამურა კი, მშვენიერი ბაიას გადასარჩენად გაემართება, გზად მას ბევრი თავგადასავალი ელის – ბაგირზე სიარულსაც ისწავლის და მუშტი-კრივსაც, ახალ მეგობრებსაც შეიძენს. შეძლებს თუ არა სალამურა ბაიას გადარჩენას, ამას მაყურებელი ჩვენი თეატრის სცენაზე თავად იხილავს.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები გიორგი ჯიქურიძე (სალამურა), სალომე მაისაშვილი, ხატია მელქაძე (ბაია), რატი ნავაძე, დევი რეხვიაშვილი (ქონდარუხი), ნინო ლორთქიფანიძე, მაია ჩართოლანი (ქონდარინე), ვახტანგ ახალაძე, ვახტანგ ნოზაძე (ქონდარ მეფე), ირაკლი გოგოლაძე, დავით როსტომაშვილი (ქონდართუხუცესი), ნიკოლოზ კვანტალიანი, თორნიკე ქინქლაძე (მეორე ვეზირი), თამარ ტყემალაძე, სოფო ფერაძე (ფრინტა), შალვა ანთელავა, გიორგი კაჭახიძე (ჰილარიო ბუერა), ვასილ ამურველაშვილი, გია გოგიშვილი (ალე ჰოპი), გიორგი შავგულიძე, ზვიად ურიდია (მიდი მოადე და ქარბორბალა), თამარ მამულაშვილი (კინა-ლოკო), სერგეი შვედკოვი (მოხუცი მეზღაპრე, ჭიამაია), ლევან გვაზავა, ლევან კაციაშვილი (კვანტი დაუდე), თამარ ლორთქიფანიძე (ციცინათელა).

თეატრი მადლობას უხდის თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს გაწეული დახმარებისთვის.