6 სექტემბერი, 2015

ქეთი მელუას საჩუქარი დაავადებულ პატარებს

1qeti-meluaდიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატარების დახმარებას იწყებს.

მომღერალმა Black-ის მიერ 80-იან წლებში ჩაწერილი ცნობილი ჰიტი “Wonderful Life” ახლებურად ააჟღერა და გადაწყვიტა, ერთი წლის განმავლობაში სინგლის რეალიზებიდან შეგროვილი თანხა Great Ormond Street Hospital-ს და The Children’s Hospital Charity in Sheffield-ს გადაურიცხოს, სადაც პატარები სხვადასხვა დაავადებებს ებრძვიან.

პირველად ქეთი მელუამ ეს ჰიტი გასულ წელს BBC-ს რადიოსთვის ჩაწერა, ამჟამად კი მისი ახლებური ვერსიის შესაქმნელად კიდევ ერთხელ მოუწია ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობა.

ქეთი მელუა:

“Wonderful Life” 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტია. პირველად ის შარშან ჩავწერე, ახლა კი სრულიად ახლებურ ვერსიას გთავაზობთ. მასზე კლიპიც გადავიღეთ ბრაიტონში. ჩვენ ყველანი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატარებისთვის ვერთიანდებით. იმედი გვაქვს, იაქტიურებთ, გადმოიწერთ სიმღერას ინტერნეტიდან და დაეხმარებით იმ ბავშვებს და მათ მშობლებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. თუ ცხოვრობთ დიდ ბრიტანეთში ან ირლანდიაში, ამ პატარებისთვის სიკეთის გაკეთება ისედაც შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით, დანარჩენებს კი გთხოვთ, გადმოიწერეთ სიმღერა და თქვენ ავტომატურად გახდებით კეთილი საქმის თანამონაწილეები.”