29 აგვისტო, 2015

ხაშმის სამების ბაზილიკა ნადგურდება

1xashmis-bazilikaხაშმის სამების ბაზილიკა ნადგურდება. უნიკალური ტაძარი, სადაც  ჯერ კიდევ V საუკუნეში აქ ვახტანგ გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრა დააარსა, ინგრევა.

ამჟამად ტაძრის მდგომარეობა უმძიმესია. სვეტებზე ბზარები დღითი დღე იზრდება და ძეგლის გადასარჩენად გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოებია დასაწყები.

ტაძრის ურთულეს მდგომარეობაზე ინფორმაციას და ფოტოებს უკრაინაში მოღვაწე ქართველი მომღერალი Sophie Villy, იგივე სოფი ხუციშვილი ავრცელებს:

“დიდხანს ვფიქრობდი რით დამეწყო. სწორი სიტყვების პოვნა ეხლაც მიჭირს. ბევრმა თქვენაგნმა, ალბათ, ისევე როგორც მე აქამდე, არ იცით ამ ადგილის შესახებ, რადგან ინფორმაცია ძალიან მწირია. გუშინ მოვხვდი სრულიად სხვა სამყაროში, რომლიდანაც წამოსვლა სასტიკად არ მომინდა. აღარ მომინდა ხმაურიან და დამძიმებულ თბილისში დაბრუნება, და საერთოდ, აღარაფერი, რაც ზედმეტ ფიქრს და ღელვას ბადებს ჩემში. სად არ ვყოფილვარ მონასტრებში და ტაძრებში, მაგრამ ესეთი უსასრულობა და საოცარი ენერგია მე ჯერ არსად განმიცდია. საუბარია ხაშმის (კაწარეთის) სამების ბაზილიკაზე, სადაც ვახტანგ გორგასალმა მეხუთე საუკუნეში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა.

მონასტრამდე მისასვლელი გზა არის იმდენად საშინელი და რთული, რომ ჩვენს წინ მიმავალი დიდი ჯიპიც კი ნახევრამდე ტალახში იყო ჩაფლული და ვეღარ განაგრძობდა გზას, საბოლოოდ ვერ ამოვიდა. ჩვენ ავედით რაღაც საოცარი (სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ) “ვეზდეხოდით”, მაგრამ საშინლად დავიტანჯეთ. დედა მეჯდა გვერდით და მითხრა “უფალთან მისასვლელი გზა ალბათ ესეთი უნდა იყოსო…” მე ვიჯექი ჩუმად და ცას ვუყურებდი. ერთ მომენტში ღრუბლებში დავინახე თეთრწვერიანი კაცის სახე. პირჯვარი გადავიწერე და განვაგრძე ფიქრი. როგორც იქნა ავედით. პირველი შთაბეჭდილება – საოცარი სიჩუმე და სიმშვიდე. ჭიშკარი გაგვიღო დედაომ, მარიამობა მოგვილოცა და გაგვაფრთხილა, რომ კარი ღია არ დაგვრჩენოდა, რადგან მონასტრის ეზოში პატარა შველი, სახელად ციცინო დარბოდა და ნებისმიერ მომენტში შეეძლო გაქცევა. ეზოში, რომელსაც მე-17-ე საუკუნის გალავანი აკრავს გარშემო, დგას ულამაზესი დიდი ბაზილიკა. მის გვერდით არის პატარა კოშკი, ტაძრის უკანა მხარეს კი დედაოების კელიებია.

გააღეს ტაძრის კარი და შესასვლელშივე ჩვენს ერთხმიან გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.

პირველი რაც მომხვდა თვალში იყო უძველესი, მუქი ფერის ჭერი, რომელიც ჩანს, რომ საუკუნეებს ვაჟკაცურად უმკლავდება. ტაძრის კედლები და სვეტები შეხებისთანავე არარეალურ სამყაროში გაგდებენ, წარმოუდგენელი ხდება ის, რომ ეს სიძველე დღემდე შემორჩა და ესე ამაყად დგას. მე-14-ე საუკუნის ულამაზეს ფრესკებს სარქველებიდან შემოსული სინათლის სვეტები მისტიურობას მატებენ. ერთი სიტყვით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ტაძრიდან გამოსვლა აღარ მინდოდა.

მონასტერში ცხოვრობს სამი მონაზონი, ხუთი მორჩილი და მეუფე ლუკა. უვლიან თავის პატარა ედემის ბაღს და აკეთებენ ხისგან ლამაზ ჭურჭელს. თავისი ძალებით ინახავენ და ეფერებიან მონასტრის თითოეულ კვადრატულ მეტრს.

ძალიან ცოტა და იშვიათი მნახველები ჰყავთ. ფაქტიურად არავინ დადის აქ. ალბათ, ეს უფრო უნარჩუნებს მონასტერს სიმშვიდეს და უნიკალურობას. რთულად მისასვლელი და, ფაქტიურად, მიუწვდომელია.

ტაძრის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. სვეტებზე ბზარები დღითი დღე იზრდება და აუცილებელია აღდგენითი სამუშაოების სასწრაფოდ დაწყება. გვიამბეს, რომ მათ ამ თხოვნაზე თინა ხიდაშელმა უპასუხა, სანამ მთელი სოფელი არ დაწერს განცხადებას, იქამდე ხელს არაფერს მოვკიდებთო.

ჩვენ გაგვიჩნდა კითხვა – ნუთუ Unesco არ დაინტერესდა ამ ძეგლით?! პასუხი იყო – მიმწოდებელი არავინ გვყავსო. გასაკვირი ის არის, რომ თუ აქამდე მოაღწია და არ განადგურდა ეს საოცრება, დღეს, 21-ე საუკუნეში, ამდენი ტექნოლოგიების მეშვეობით, ხომ საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს ესეთი ძეგლების დაკარგვის საშიშროება?! რატომ არ ადარდებს ჩვენს მთავრობას ჩვენივე ქვეყნის სიწმინდეები და უნიკალური ადგილები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ესე ცოტაღა შემორჩა.

ფოტოებში, რა თქმა უნდა, ისე არ ჩანს და არ გადმოიცემა ტაძრის მთელი სიდიადე და სასწაული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს მოუნდება ცხოვრებაში ერთხელ მაინც ამ წმინდა ადგილზე მოხვედრა.”

1xashmia-bazilika2 1xashmis-bazilika1

1xashmis-bazilika3