30 ივლისი, 2015

სუხიშვილები დასკვნით კონცერტებს ჩაატარებენ

1suxxiisshhvilebi2015 წელი სუხიშვილებისთვის საიუბილეოა. ანსამბლს დაარსებიდან 70 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში მოცეკვავეები კონცერტებს მართავენ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.

ანსამბლი საიუბილეო საკონცერტო ტურნეს აგვისტოში ბათუმში დაასრულებს. დასკვნითი კონცერტები 14, 15 და 16 აგვისტოს ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გაიმართება. თბილისში 13 ივნისს დატრიალებული მოვლენების გამო, ბათუმში გამართული კონცერტები საქველმოქმედო იქნება.

ღონისძიებაზე მიწვეული არიან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. საღამოს ორგანიზატორი საქართველოს კულტურის პალატაა.

კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ეს იქნება დაუვიწყარი საღამო. მაყურებელი კიდევ ერთხელ იხილავს იმ განვლილ გზას, რაც სუხიშვილებმა 70 წლის განმავლობაში შექმნეს.

ქორეოგრაფიული ანსამბლი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა. მათ მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. „მოდერნ-ბალეტის“ პრინციპებთან, თუმცა მისი არსით და პოეტიკით იგი ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა და ანსამბლის დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება. მათი პირველი კონცერტი 11 ივნისს გაიმართა, სამი წლის შემდეგ კი ანსამბლი პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. მხოლოდ ხუთწლიანი თავდაუზოგავი მუშაობის მერე, ანსამბლს მიენიჭა „აკადემიურის“ სტატუსი.

ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლს განხორციელებული აქვს 200-ზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19.200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა.
ანსამბლის კონცერტმა ლა-სკალაში სრული ანშლაგით ჩაიარა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა. ქართველი მოცეკვავეების კონცერტის შემდეგ, ლა სკალაში ფარდა 14-ჯერ აიწია.

ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო თენგიზ სუხიშვილი, ამჟამად კი ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი კი ნინო სუხიშვილი.