31 ივლისი, 2015

რობერტ სტურუა: ,,ჩაქოლვის არ მეშინია!”

sturua1რეჟისორი რობერტ სტურუა ქართული თეატრალური სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული შემოქმედია. მისი სპექტაკლები დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და მსოფლიო მაყურებელი აღაფრთოვანა.

რეჟისორი დგამს ყველგან, სადაც საინტერესო ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება ეძლევა. ის სცენაზე აცოცხლებს ბრეხტის, შექსპირის, ჩეხოვის, სოფოკლეს, მოლიერის პიესებს.

“არტინფო” გენიალური რეჟისორის ცხოვრების საინტერესო ეტაპებს წარმოგიდგენთ.

***

“ბებიის და და დეიდა მომღერლები იყვნენ. ბებიაჩემის და ოპერის თეატრიდან გააგდეს, მაგრამ რატომ, არ ვიცი, დეიდაჩემი კი კონსერვატორიას ამთავრებდა, ამ დროს მამამისი დაიჭირეს. ბაბუაჩემი დახვრიტეს, ამიტომ ისიც კონსერვატორიიდან გააგდეს და დარჩა არსებობის წყაროს გარეშე. ახალგაზრდა ქალი იყო და ბებიაჩემის დამ წაიყვანა საეკლესიო გუნდში. იგი თავად უკვე სიონის გუნდში გალობდა. ორი ჩემი უახლოესი ნათესავი მღეროდა სიონში. რასაკვირველია, იქ მათ დავყავდი. მაშინ გავიგე რელიგიის შესახებ რაღაცეები. მახსოვს, ჩემი ახალგაზრდობის დროს გუდიაშვილმა მოხატა ქვაშვეთის ეკლესია. ეს დიდი სენსაცია იყო ქალაქში. მაშინ სტალინმა დაუშვა თავისუფლება რელიგიაში, რადგან მას სჭირდებოდა, რომ ხალხი ომში წაჰყოლოდა. ეს ტიპიური პოლიტიკური ტრიუკი იყო, ჯერ ნახევარზე მეტი ეკლესიები დაანგრია და მერე უცებ გახდა მორწმუნე.”

***

“5 წლის ვიქნებოდი, ეკლესიაში სიარული რომ დავიწყე. რაღაცნაირად გამაგებინეს, რა არის რწმენა. ორთოდოქსალური ბოლშევიკების ოჯახიდან ვიყავი. რობერტი იმიტომ მქვია, რომ მამაჩემი არ იყო მონათლული, როგორც ბოლშევიკის შვილი. ამიტომ დიდხანს სოფელში მეტსახელად “უსახელოს” ეძახდნენ. ბიძაჩემმა, ასევე ბოლშევიკმა, რომელიც გამოიპარა ციხიდან, ასწია მამაჩემი, დააგდო მიწაზე და თქვა, ამიერიდან შენ გქვია რობერტიო. მამაჩემმა სთხოვა, რამე დამარქვი, თორემ მთელი სოფელი დამცინის, უსახელო ხარო. ეს სახელი მამაჩემს ინგლისელი ეკონომისტის საპატივცემულოდ დაარქვეს.”

***

“მეც საკმაოდ გვიან მოვინათლე. როცა მამაჩემმა ჩემი გაქრისტიანება გადაწყვიტა, ვიყავი 21 წლის. მამაჩემმა მოიყვანა მხატვრები – შავგულიძე, შალვა ცხადაძე, აბრამაშვილი, ისინი მამას მეგობრები იყვნენ. მათ მომნათლეს სვეტიცხოველში. სახელად კი გიორგი მიწოდეს. ეს იყო 1959 წელს. კარგად მახსოვს ჩემი ნათლობის რიტუალი, მაგრამ არა მგონია, რომ რიტუალი მთლიანად იყო დაცული, იმიტომ, რომ მაშინ მღვდლები და ეკლესიის მსახურნიც შეშინებულები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნათლობის სახელი გიორგი მაქვს, ამ სახელით არავინ მომმართავს, ყველასთვის რობერტი ვარ. არადა, ძალიან კარგი ნათლობის სახელი მქვია. რატომღაც გადაწყვეტილი მაქვს, რომ ჩემი მფარველი წმინდანი არის გიორგი. ეკლესიაში რომ შევდივარ სანთლის დასანთებად, აუცილებლად ვუნთებ წმინდა გიორგის.”

***

“ბიბლიის წაკითხვის სურვილი ხშირად მიჩნდებოდა, მაგრამ მაშინ ასე ადვილი კი არ იყო ყველაფერი, როგორც ახლაა. ბიბლია ჩამოვიტანე იუგოსლავიიდან. ქართული წიგნი ვერ ვიშოვე, რუსულ ენაზე თარგმნილი ვიყიდე. მე და გურამ საღარაძეს შეშინებულებს გვქონდა ჩემოდანში დამალული. შემდეგ დავუჯექი მამაჩემს და როცა ის ხატავდა, ხმამაღლა ვკითხულობდით. როდესაც პირველად წავიკითხეთ, ეს მართლა საოცრებაა. მსგავსი რამ შექსპირსაც შევატყვე. როცა კითხულობ სახარებას თუ ძველ აღთქმას, წაკითხულიც რომ გქონდეს, იმ მომენტში რაღაც საოცრება გემართება. თითქოს თავიდან კითხულობ, თითქოს არც წაგიკითხავს. კი, რაღაცეები გახსოვს, მაგრამ მაინც გეჩვენება, რომ თავიდან კითხულობ, სულ ახალი კუთხით უყურებ იმ ისტორიებს, რაც წმინდა წიგნშია მოთხრობილი. ამ დაძაბულ პერიოდში ასე თუ ისე ვახერხებ წმიდა წერილის წაკითხვას, მაგრამ სულიერ სიმშვიდეს ეს წიგნი მაინც არ მაძლევს, იგი მახსენებს, რომ ადამიანი ძალიან რთული მოვლენაა და რომ ადვილი არაფერია. ბოლოსდაბოლოს, ახალი აღთქმა ქრისტეს წამებაზეა, ძველ აღთქმაში კი ადამიანის ცოდვებზეა ლაპარაკი.”

***

“როცა ინსტიტუტში ვსწავლობდი, დავმეგობრდი მსახიობ გურამ გოგავასთან, რომელიც გარდაიცვალა. იგი ცხოვრობდა პლეხანოვზე მდებარე რუსული ეკლესიის ეზოში. ყოველ დღესასწაულს ძალიან სერიოზულად იცავდა, მარხულობდა. დედამისი საოცრად ღვთისნიერი ქალი იყო, როგორც ჩანს, მან გადასცა შვილს ასეთი დამოკიდებულება რელიგიისადმი. აღდგომას ყოველთვის გურამთან ვხვდებოდით, ვუვლიდით გარს ეკლესიას, გამოჰქონდათ სიწმინდეები და იყო დიდი დღესასწაული. ახლა? რომ გითხრათ, წესიერი ქრისტიანი ვარ, ხშირად დავდივარ ეკლესიაში, მყავს მოძღვარი, რომელთანაც გულს გადავხსნი, აღსარებას ვამბობ და ყველაფერს ვიცავ-მეთქი, ეს სიცრუე იქნება, მაგრამ აბსოლუტურად რელიგიური კაცი ვარ. მესმის, რომ მართლმადიდებლური ეკლესია თხოულობს აუცილებლად მოძღვრის ყოლას. გასაგებია, რომ საჭიროა ადამიანი, რომელსაც გადაუხსნი გულს და ცოდვებს აღიარებ, მაგრამ ამ საკითხს ცოტა სხვანაირად ვუდგები. შეიძლება ეს ყველაფერი ჩემი ათეისტური წარსულის ბრალია. მირჩევნია, მონანიების მომენტში მარტო ვიყო უზენაესთან, ვიცი, რომ ცოდვილი აზრია მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი არ დადის აღსარებაზე. ნელ-ნელა იწყება ნამდვილი მრევლის მიდინება ეკლესიებში. უკვე ვამჩნევ მოწაფეებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს, რომლებიც რწმენით არიან აღვსილნი. ჩემი შვილის კლასიდან დაახლოებით 6 წავიდა ეკლესიაში. ბევრი სტიქაროსანია, რაც ძალიან კარგია. ჩემს შვილს უნდოდა, სასულიერო პირი გამხდარიყო, უკვე უნდა აღკვეცილოყო, მორჩილი იყო. ამას რასაც სხვანაირი რწმენა და შემართება სჭირდება. მაგრამ როცა კარგად დაფიქრდა, მიხვდა, რომ მღვდელი ვერ იქნებოდა. თუმცა სულ ამბობს, რომ სიამოვნებით მოხატავდა რომელიმე პატარა ეკლესიას. ამისთვისაც რაღაც შინაგანი და სულ სხვა სულიერი მდგომარეობაა საჭირო.”

***

“ალბათ მსოფლიოში არ არის თეატრი, რომელმაც ქრისტეშობის 2000 წელს მიუძღვნა სპექტაკლი. ჩვენ გავაკეთეთ სპექტაკლი “შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ”. ეს იყო ჩემი აღთქმა, რომელიც დავდე და ჩავიფიქრე, რაღაც არაჩვეულებრივი მიმეძღვნა ქრისტეშობის 2000 წლისთვის. პიესა თითქოს არ შეიცავს იმ ისტორიას, რაც რეალურად იყო. ყველაფერი, რაც მოვიგონე, უფრო ჩემია. შექსპირმა ეს პიესა დაწერა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც მთავრდებოდა მეთორმეტე დღეს, როცა მოგვები მოვიდნენ ქრისტესთან. სახარებასთან დაკავშირებით, ძალიან მინდოდა დამედგა ვნების კვირა. ოთხივე წიგნიდან მინდოდა შემეკრიბა, გამეერთიანებინა და შემექმნა სპექტაკლი. შემდეგ წარმოვიდგინე იმ მსახიობის მდგომარეობა, რომელიც ითამაშებდა ქრისტეს. მსახიობის, რომელიც დადის ქუჩაში, სვამს, ქალებთან უნახავს მაყურებელს, ქრისტეს როლზე დამტკიცება ცოტა მომერიდა. ცოდვის შეგრძნება გამიჩნდა.”

***

“გულახდილად გეტყვით, რა არ მომწონს ახლანდელ მორწმუნეებში. ყველაფერი ფანატიზმში არ უნდა გადაიზარდოს. ფანატიზმი არის რწმენასთან თამაში. ფანატიკოსებს არ სწამთ ღმერთი, მით უმეტეს, ისეთი ღმერთი, როგორიც არის ქრისტე, რომელიც აბსოლუტურად სხვას ქადაგებდა. რაღაც იდიოტური კინო რომ გამოუშვეს, “და ვინჩის კოდი”, ისეთი ამბავი ატყდა, ვითომ ვინმეს წაუკითხავს, რა არის. უფრო რეკლამა გაუკეთეს. ჩემი სპექტაკლისთვის “12 განრისხებული მამაკაცი”, აფიშა გავაკეთეთ ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობის მიხედვით, არავინ იყო გამოსახული, მხოლოდ სუფრა იყო და ქრისტე, მაგრამ ქრისტე არ იყო, ვინაიდან აქ ლაპარაკია ადამიანის გადარჩენაზე, მხოლოდ გარემო დავტოვე, მაგრამ ვიღაცეებმა დაწვეს. ეს უკვე ფანატიზმზე მეტყველებს, რაც სულაც არ არის კარგი.”

***

“თეატრალურ სამყაროში ამ მხრივ იყო სკანდალები, როცა რეჟისორმა სანდრო მრევლიშვილმა დადგა ერთ-ერთი სპექტაკლი ამ თემაზე. პანტომიმის თეატრს და ამირან შალიკაშვილსაც მოუხსნეს სპექტაკლი. მგონია, რომ ეს არ არის კარგი. ასეთ შემთხვევაში კვლავ დაიწყება ის პროცესები, რომლებიც მსოფლიომ უკვე გაიარა. მერე ფუნდამენტალისტებს ვემსგავსებით, ისინიც იგივე მეთოდებით მოქმედებენ.”

***

“საპატრიარქოში ერთ-ერთი სტუმრობისას, ვთქვი კიდეც, ცოდვილი სამყაროდან ვარ-მეთქი. ეს იცით, რატომ ვთქვი? იმიტომ, რომ ამ ნათქვამში ორმაგი ირონია იყო. მიყვარს ქვეტექსტებით ლაპარაკი. ყველაზე ცოდვილად გვთვლიან ჩვენ, ზოგი ეკლესიის მსახურიც, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი გვაწყნარებს, რომ ეს შეცდომაა და ეკლესიას არასოდეს უბრძოლია მსახიობებისა და ტაკიმასხარების წინააღმდეგ, მაგრამ ვიცი, რომ საკმაოდ დიდი ბრძოლები იყო როგორც რუსულ ეკლესიაში, ასევე ქართულში, უფრო მეტიც, სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანიათ. ამიტომ ხალხიც თვლის, რომ როგორც ნოდარ დუმბაძესთან არის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონში” ვინ გინდა გამოხვიდე, ზურიკელაო და არტისტიო და ბებია რომ ირტყამს ხელს, მრავალცოლიანი უნდა იყოო. რამდენს ჰყავს მრავალი ცოლი, მაგრამ არავინ იცის. თეატრი საერთოდ მონაგონია და იგივე რამ არ არსებობს, რომ მოხდეს, თუ ზნეობაზეა ლაპარაკი. უბრალოდ, ჩვენი პროფესია ისეთია, რომ ხელისგულზე ვჩანვართ.”

***

“რელიგიური სპექტაკლის დადგმა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, იმიტომ, რომ მსახიობის მდგომარეობა გავითვალისწინე. მინდოდა, ქრისტეს როლი ლევან ბერიკაშვილს ეთამაშა. წარმოიდგინეთ მამაკაცი, რომელსაც სმა და ქალები უყვარს და თამაშობს ქრისტეს როლს. ლევანი სიმპათიური, მაგრამ ცოდვილი კაცია. ამან შემაკავა, თორემ წინააღმდეგობების არ მეშინია. არის ლეგენდა, თითქოს რომის პაპმა მსახიობს, რომელმაც ძეფირელის ფილმში ქრისტე განასახიერა, სოლიდური თანხა გადაუხადა, რომ სხვა ფილმებში აღარ მიეღო მონაწილეობა, რომ არ წაბილწულიყო მაყურებლისთვის ის სახე, რომელიც მან შექმნა. ამ პრინციპიდან გამომდინარე გადავიფიქრე, თორემ არაფრის შიში მაქვს. ჩაქოლვის არ მეშინია, “ვეფხისტყაოსნის” დადგმას ვაპირებ და ალბათ იქ ჩამქოლავენ.”

***

“ეკლესია არის ადგილი, რომელიც უნდა დარჩეს ცალკე, ეს არ არის კომუნისტური პარტია, ეს არ არის იდეოლოგია, ეს არის რწმენა, ზნეობის რაღაც კუთხე, სადაც ჩვენ ჩვენი ზნეობა შევაჯერეთ იმ წმინდა მცნებებს, რომლებიც ამდენი საუკუნეა, ეკლესიას მოაქვს. უწმინდესთან სულ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ვიყავი იმ შეხვედრაზე, როცა ხელოვანებს შეხვდა და ჩვენს თეატრში ატარებდა თავის საიუბილეო კვირეულს. მანამდე ერთი-ორჯერ ვიყავი მასთან შენახვედრი. ერთხელ ბუენოს აირესიდან სომეხმა და რუსმა ეპისკოპოსებმა გამოუგზავნეს ჩვენს პატრიარქს საჩუქარი. სწორედ მაშინ გავიცანი ჩვენი უწმინდესი, მე და ჩემი მეუღლე მივედით. მეორედ ეკლესიის გარემონტების თაობაზე იყო საუბარი. ჩვენს თეატრს მაშინ ბანკი “ქველი” ეხმარებოდა და მათი საშუალებით მოხდა იმ ეკლესიის რესტავრაცია უსასყიდლოდ. ბოლოს როცა მივედი იუბილესთან დაკავშირებით, ჩემთან მოვიდა უწმინდესი, ჩამიკრა გულში. რაღაც დამემართა ამ დროს. ვერ ვიტყვი, რომ ცრემლები მომადგა, მაგრამ მისმა ჩახუტებამ ისე მომნუსხა, ეს სამუდამოდ დამრჩება მეხსიერებაში.”

***

“არ მინდა მოვყვე მთლიანად ისტორია, იმიტომ, რომ სიტყვა მაქვს მიცემული და არ მინდა, დავარღვიო. მაგრამ გეტყვით, რომ ჩემმა უფროსმა მსახიობმა, დაგვპატიჟა მე და რამდენიმე მსახიობი ზაფხულში თავის მშობლიურ იმერეთში. იქვე ეკლესია იდგა, გუმბათმოხსნილი. ვუთხარი, შევალ, ვნახავ, იქნებ არის ისეთი რელიქვია, რომელსაც სახლში წავიღებ და მოვუვლი-მეთქი. მითხრა, არაფერი არისო. რომ შევედი ტაძარში, მართლა არაფერი იყო, გუმბათი ახდილი ჰქონდა და მისახედი იყო. ახლა უკვე გააკეთეს და მშვენიერი ტაძარია. როცა უკან გამოვბრუნდით, რაღაცამ გამაჩერა, უკან მოვტრიალდი და რომ მივიხედე ტაძრისკენ, მზის სხივი ეცემოდა პატარა ქართულ ჯვარცმას, რომელიც ხის იყო. ხელები არ ჰქონდა ქრისტეს, ტანი და სახე ჰქონდა შერჩენილი. ფრესკის ტექნიკით იყო დახატული. ჩემს მასპინძელს ვუთხარი, ამას სახლში წავიღებ, მთელი ზამთარი აქ იქნება და უნდა გაფუჭდეს, ამიტომ თავად მოვუვლი-მეთქი. მაინც შემეშინდა სოფლის მოსახლეობის, გავიხადე პერანგი, გავახვიე და წამოვიღე ეს ჯვარცმა სახლში. ერთხელ მექანიკურად რაღაც შევთხოვე იმ ჯვარცმას და ამისრულდა. კედელზე მეკიდა სახლში. ვიფიქრე, შეიძლება დაემთხვა-მეთქი. იმის შემდეგ ჩემი საქმეები ძალიან კარგად წავიდა – ცოლი მოვიყვანე, შვილები გამიჩნდა. ბოლოს ისე გავთავხედდი, პატარ-პატარა უხერხულ სათხოვრებსაც შევთხოვდი. უცებ მივხვდი, რომ ზედმეტებში გადავდიოდი და თხოვნები შევწყვიტე. ახლა ეს ჯვარცმა ჩემს სახლში ჰკიდია და უბრალოდ მეხმარება. მისთვის რესტავრაცია არ გამიკეთებია, იმიტომ რომ რესტავრაციის შემდეგ თავის ხიბლს დაკარგავდა. კონსერვაცია გავუკეთე.”