8 ივლისი, 2015

ყურადღება: იყიდება ლევან ღვინჯილია!

1levan-gvinjilia– იყიდება ლევან ღვინჯილია! – ეს განცხადება ენათმეცნიერმა ლევან ღვინჯილიამ სოციალურ ქსელში განათავსა და თან მიაწერა, რომ საერთოდ არ ხუმრობს:

“ეპიგრაფი: მერე რა, რომ ფეხბურთელი არა ვარ!

ყურადღება! ყურადღება! ყურადღება!

იყიდება ლევან ღვინჯილია!!!

თქვენს წინაშეა, ერთი შეხედვით, თითქოს დაუჯერებელი, მაგრამ სინამდვილეში სრულიად სერიოზულად მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ მესახება გამოსავალი ჩემი და ჩემი ოჯახის სრულიად უპერსპექტივო და ჩიხური ეკონომიკური მდგომარეობიდან.

რატომ ჩიხური?

არც ერთმა ქართულმა ბანკმა სესხი არ მომცა იმის გამო, რომ მე უკვე 65 წლისა ვარ.

პასუხის ქვეტექსტი ასეთია:

”ბატონო ლევან, 10-15 წლიან სესხს იმიტომ ვერ მოგცემთ, რომ თქვენ ვალის დაბრუნებამდე მოკვდებით და ჩვენ სულ არ გვჭირდება სესხის გირაოდ თქვენ მიერ ჩადებული ქონება“.
სხვა ჩემ ოჯახში ყველა უმუშევარია.

იძულებული ვარ, გამსესხებელთა სარგებელი ახალი ვალით ვიხადო….

მოკლედ, დღეს გამინათდა გონება და ვიპოვე გამოსავალი:

უნდა გავყიდო საკუთარი თავი!!!

არა! თქვენ არაფერი არ მოგლანდებიათ!

დიახ!

მე, ლევან ღვინჯილია ვყიდი საკუთარ თავს!!!

რას წარმოადგენს გასაყიდი „საქონელი“?:

ვარ 65 წლისა!

მყავს მეუღლე, 6 შვილი და 7 შვილიშვილი (ვიყიდები მხოლოდ მე, მათ გარეშე)!

მაქვს უმაღლესი განათლება:

თსუ (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და ფილოლოგ-კავკასიოლოგი , 1972);

უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი (ფრანგული ენის მასწავლებელი, 1987);

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა (1972-75);

სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება (1975).

“ფაზისის“ აკადემიის აკადემიკოსი.

აშშ კონექტიკუტის შტატის ქ. ვოტერფორდისა და ქალაქ ხობის საპატიო მოქალაქე.

საეკლესიო მუსიკის მსოფლიო კონკურსისა (ქ.ჰაინოვკა, პოლონეთი, 1989) და ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის (მოსკოვი, 1985) ლაურეატი;

ფილოლოგიიდს მეცნიერებათა დოქტორი;

სასამართლო ექსპერტი-ლინგვისტი;

ენის სახელმწიფო პალატის დამაარსებელი (1997) და თავმჯდომარე მის გაუქმებამდე (2014).

გაზეთ „ეროსიონის“ მთავარი რედაქტორი (1991-1992);

საქტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის მოადგილე, პროგრამების გენ.დირექტორი, კომენტატორი, სპეცკორი (1979-2006);

რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი (1987-2004).

1974-2002 წლებში დავაფუძნე 7 ვოკალური ანსამბლი („ფაზისი“, „ოროველა“, იმედი“ და სხვა.), რომელთა უმეტესობის შემოქმედება გამოცემულია (ამჟამად ვარ „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი).

რა მეხერხება?

სოფლის მეურნეობაში – მეცხოველეობა (ძროხა, თხა, კამეჩი, ღორი, ცხენი, ვირი, ზებრა, აქლემი, ჯორი, ძაღლი, კატა, კურდღელი, შინშილა…); მეფრინველეობა (ქათამი, ინდაური, ბატი, იხვი, ციცარი, მტრედი, ხოხობი, ფუტკარი…); მიწათმოქმედება (მევენახეობა, მესიმინდეობა, მებოსტნეობა, მეჩაიეობა, მეხილეობა, მედაფნეობა…..);

განათლების სფერო: შემიძლია ვასწავლო ქართული და მსოფლიო ლიტერატურა; ასევე – იბერიულ-კავკასიური და ინდოევროპული (მათ შორის, რუსული, ფრანგული, გერმანული) ენები, როგორც დიდებს, ასევე მოზარდებს.

ასევე შემიძლია, ვასწავლო ქართული სიმღერა და პოეზია, ზოგადად ხალხური შემოქმედება, მეტყველების კულტურა;

კულინარია (განსაკუთრებით მეგრული სამზარეულო და არამარტო ის)….

ეს ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, არასრულია და მისი დაზუსტება შეიძლება კლიენტის მოთხოვნათა შესაბამისად!!!

ჩემი ყიდვის ზოგადი პირობები:

ვიყიდები განსაზღვრული დროით, ან სიცოცხლის ბოლომდე!

ვიყიდები როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ – ნებისმიერ უცხო ქვეყანაში, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, რუსეთისა, ჩინეთისა, ნაწილობრივ თურქეთისა და აზია-აფრიკის მუსულმანური ქვეყნებისა!

მყიდველი შეიძლება იყოს ნებისმიერი მსურველი, რომელიც გადაიხდის მოლაპარაკებულ თანხას, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქლაქეებისა, ბატონ ბიძინა ივანიშვილისა და მოქმედი ხელისუფლების ნებისმიერი წევრისა (ამ დათქმის კომენტარი შესაძლებელია მხოლოდ ღია ეთერში და მთთი მონაწილეობის შემთხვევაში).

დათქმულ დროზე ადრე ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში მეპატრონეს უბრუნდება დეპოზიტზე შენახული თანხის შესაბამისი ნაწილი.

ჩემ მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე პასუხს არ აგებს ჩემი ოჯახი;

დანარჩენი პირობები გასაიდუმლოებულია და შეადგენს ორმხრივი მოლაპარაკების საგანს.

წინადადებებს ვიღებ ამ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.

ვისაც დააინტერესებს, შეუძლია ეს ტექსტი ნებისმიერ ენაზე თარგმნოს და გაავრცელოს!

მაშ ასე!

ამ წუთიდან იყიდება თქვენი მონამორჩილი

ლევან ღვინჯილია!!!!!!!!!

გთხოვთ ჩემს ამ განცხადებას მოეკიდოთ მაქსიმალური სერიოზულობით.

მე არ მეხუმრება!”