28 ივლისი, 2015

კომედი შოუს კონცერტი ჩაიშალა

1komedi-shouფოთში დაანონსებული კომედი შოუს კონცერტი ჩაიშალა. ღონისძიება, რომელიც ახალგაზრდებისთვის სრულიად უფასოდ ღია ცის ქვეშ უნდა გამართულიყო და მასში კომედი შოუს მსახიობების გარდა, მონაწილეობა უნდა მიეღოთ იქს ფაქტორის კონკურსანტებს და ჯგუფს “გამოუვალი მდგომარეობა”, ფოთის ხელმძღვანელობამ დაბლოკა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსთავი 2-ის მიერ ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ კონცერტებს უარს ეუბნებიან. პირველად ქუთაისის მერიამ განაცხადა უარი კონცერტის ჩატარებაზე, ამჯერად უარი ფოთმაც თქვა.

ფოთის მერიის გადაწყვეტილება რუსთავი2-ის ხელმძღვანელობამ ფოთის მერიისგან დღეს მიიღო. წერილში გაკეთბულია განმარტებები იმის შესახებ, რომ ქალაქის ცენტრალური მოედანი, რუსთავი 2-ის ნაცვლად, ფოთელი ახალგაზრდებისადმი მიძღვნილ კონცერტს უნდა დაეთმოს.

– ადგილობრივ ხელისუფლებას არა აქვს შესაძლებლობა, უარი გვითხრას. ამას კანონი არ ითვალისწინებს. გაუგებარ რაღაცას აკეთებენ, ფოთში უკვე გააკეთეს. უკანა რიცხვით რაღაც კონცერტები ჩანიშნეს, ვითომ ადრე იყო დაგეგმილი. აუცილებლად დავინტერესდებით, რა კონცერტია, როდის გადაწყდა, რა ხარჯებია, საიდან მოდის ეს ხარჯები. გადავიღებთ ამ კონცერტს და ადამიანების რაოდენობასაც, ვინც ამ კონცერზე მივა. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, ბათუმის მერიამაც იგივე გადაწყვეტილება მიიღოს და რუსთავი 2-ს კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრას. ჩვენი ინფორმაციით, იგივე ხდება ბათუმის მერიაშიც. იმდენი ლოკაციაა ბათუმში, რომ როგორ აპირებენ, რომ შეავსონ, არ ვიცი. ამ ლოკაციებზე კონცერტები არ იყო დაგეგმილი. ზუსტად ვიცი, რომ აპირებენ შეავსონ ეს ლოკაციები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ კონცერტზე უარი გვითხრან, – აცხადებს არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

თავის მხრივ, ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ მათ რუსთავი 2-ის განცხადება უკვე მიიღეს და ერთ-ორ დღეში გადაწყვეტილებას გაასაჯაროვებენ.