Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კანის ფესტივალის ექსპერტები ქართულ კინოპროექტებს მოამზადებენ

20 ივლისი, 2015

1kanis-festivaliკანის ფესტივალის ექსპერტები ქართულ კინოპროექტებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მოამზადებენ. ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იზაბელ ფოვიე და ნიკოს პანაიოტოპულოსი თბილისში ჩამოვიდნენ. კინოპროფესიონალები მსოფლიოს მრავალ ქალაქში, მათ შორის კანშიც, ხშირად ატარებენ ვორქშოპებს, ამჟამად ისინი ქართველ კინემატოგრაფისტებთან შესახვედრად თბილისს ეწვივნენ.

ივნისში ეროვნულმა კინოცენტრმა გამოავლინა “21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის შექმნის” კონკურსის გამარჯვებულები. სამი დღის განმავლობაში იზაბელ ფოვიე და ნიკოს პანაიოტოპულოსი გამარჯვებული პროექტების ავტორებთან ერთად იმუშავებენ სცენარის განვითარებაზე, 23 ივლისს კი ისინი სხვა ქართველ კინემატოგრაფისტებსაც შეხვდებიან. ვორქშოპები საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდება.

“21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია” ეროვნული კინოცენტრის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია.

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 21–ე საუკუნის საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებთან ერთად ამავე ნაწარმოების მიხედვით შექმნილ ფილმსაც წარადგენს. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული კინოცენტრი ფილმის დასაფინანსებლად კონკურსს 2016 წელს გამოაცხადებს, სადაც განაცხადის შემოტანა ყველას შეეძლება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც მთელ გერმანიას მოიცავს, ამიტომ შესაძლებელია ფილმი გერმანულ კინოგაქირავებაში და ბერლინალეს კინოფესტივალზეც მოხვდეს, რადგან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ბერლინალე პარტნიორები არიან.