17 ივლისი, 2015

აღმოჩენა დმანისში

1agmochenaდმანისის სოფელ განთიადთან და სოფელ ბოსლების მიმდებარე ტერიტორიაზე უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა, რომელიც სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს იქნა გამოვლენილი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ობიექტის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ აღმოჩენილია ნამოსახლარები და სამაროვნები, რომელიც გვიანანტიკური პერიოდის და ადრე შუა საუკუნეებისაა.

მათგან აღსანიშნავია მდინარე მაშავერას მარცხენა ნაპირზე, ადგილ ყანჩაანთ სოფელში აღმოჩენილი ორი სამაროვანი, სადაც იმ დროისათვის შეძლებული ადამიანები იყვნენ დაკრძალულნი. ორმოსამარხებში ჩატანებული აღმოჩნდა სხვადასხვა ფერისა და ფორმის მინის სანელსაცხებლები, ბრინჯაოს ზარაკები, ირმის ქანდაკებები, საკიდები, ბეჭდები, ოქროს საკიდი და საყურეები, ვერცხლის რომაული მონეტები, რკინის საბრძოლო იარაღები და თიხის ჭურჭელი.

მოპოვებული მასალის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ დმანისის რეგიონში, იმ დროისათვის საკმაოდ განვითარებული და სოციალურად დაწინაურებული საზოგადოება ცხოვრობდა, რომელსაც მჭიდრო კულტურულ-ეკონომიკური კავშირები ჰქონდა, როგორც საქართველოს რეგიონებთან, ასევე რომთან და სირიასთან. აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები, სავარაუდოდ, ახალი წელთაღრიცხვის I-IV საუკუნეებით თარიღდება.