10 ივნისი, 2015

საქართველო კიდევ ერთ კინოფესტივალში ჩაერთვება

1cinema2016 წლიდან საქართველო კიდევ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალში ჩაერთვება. აღნიშნული გადაწყვეტილება ვატიკანში კულტურის საკითხებში პაპის საბჭოს პრეზიდენტთან, ჯანფრანკო რავაზისთან შეხვედრის დროს იქნა მიღებული.

ქართველ რეჟისორებს შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი ფილმები ვატიკანის მიერ ორგანიზებულ კინოფესტივალზე „მესამე ათასწლეული” წარადგინონ. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, საქართველოს ელჩი წმინდა საყდართან თამარ გრძელიძე და ანსამბლ „რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი. ასევე, რეჟისორ და დოკუმენტალისტ კარლო ჰინდერმანთან ვიზიტის დროს დაიგეგმა ქართული დოკუმენტური ფილმების ჩვენება, რომელიც რომში შედგება.

ვატიკანში ქართული დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ჩატარდა რამდენიმე კულტურული ღონისძიება, მათ შორის ნანა ჯანელიძის ფილმის „გალობის რაინდები” ჩვენება და ანსამბლ „რუსთავის” კონცერტი.