9 ივნისი, 2015

ყვარლის სახალხო თეატრი იხსნება

1kvareli10 ივნისს ყვარელში კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარლის სახალხო თეატრი იხსნება. თეატრის გახსნაზე წარმოდგენილი იქნება რუსთაველის თეატრის სპექტაკლი “მოხუცი ჯამბაზები”, სევდიანი კომედია ორ მოქმედებად.

პიესის თარგმანი თამაზ გოდერძიშვილის და გოჩა კაპანაძეს ეკუთვნით, რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი გოჩა კაპანაძეა, მხატვარი ანა ნინუა, ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე, რეჟისორის თანაშემწე გრიგოლ თათეიშვილი.

გოჩა კაპანაძის გახმაურებულ სპექტაკლში მონაწილეობენ კახი კავსაძე, თენგიზ გიორგაძე, ზაზა ლებანიძე, ჯემალ ღაღანიძე, მანანა გამცემლიძე, მარინა ჯანაშია, მარინა კახიანი, დარეჯან ხარშილაძე.

სპექტაკლის მოქმედება მოხუცთა თავშესაფარში მიმდინარეობს. მისი ბინადარნი ყოფილი მსახიობები არიან. ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება სცენაზე გაატარეს. მათ ახლაც ჩაესმით თაყვანისმცემელთა აპლოდისმენტები. ამ მოხუცებისთვის განსაკუთრებით ძნელია იმის აღქმა, რომ უკვე აღარ არიან საჭირონი. ისინი ახლა მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობენ. თეატრთან განშორება ჭეშმარიტი არტისტისთვის სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ რა იქნება სიკვდილის შემდეგ? გულისშემძვრელად გაისმის ერთ-ერთი გმირის შეკითხვა: “ნეტავ, იმქვეყნად თეატრი არის?”