20 მაისი, 2015

ქართველი კაცის ყოფა-ცხოვრება სპექტაკლში გაცოცხლდა

1bol20 მაისს ბოლნისის კულტურის ცენტრში პრემიერა გაიმართება. ახალგაზრდა ლოტბარი ბოლნისის კულტურის ცენტრის ტრადიციული მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი სოსო კოპალეიშვილი თავისივე სცენარითა და რეჟისურით წარმოადგენს მუსიკალურ-ეთნგრაფიულ სპექტაკლს ,,წუთისოფელი”.

მაყურებელი იხილავს სიმღერასა და ქმედებაში გაცოცხლებული ქართველი კაცის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას ანიდან ჰოემდე: ქორწილს, ძეობას, შრომას, ბრძოლას, გამარჯვებას, ბინდისფერ სოფელსა და სიცოცხლის მარადიულობას.

ამგვარი მუსიკალურ-ეთნოგრაფიული სპექტაკლი ,,სიმღერით განვლილი გზა, ანუ ცხოვრება ქართველი კაცისა” პირველად ედიშერ გარაყანიძემ კინომსახიობთა თეატრის სცენაზე განახორციელა 1998 წელს, ფოლკლორულ ანსამბლებთან ,,მთიებსა” და ,,მზეთამზესთან” ერთად. უფრო ადრე ამავე თეატრში მსგავსი ტიპის სპექტაკლი ,,წუთისოფელი ასეა” რეჟისორმა ნუგზარ ლორთქიფანიძემ დადგა და უზადო ხალხური ლექსით მოგვითხრო ,,მრუდის საწუთროს ტრიალი”. ხოლო ამჯერად კი ეს იდეა, სრულიად დამოუკიდებლად და ახლებურად ბოლნისელთა სპექტაკლში დასურათხატდა.

პროექტში მონაწილეობენ ბოლნისის ფოლკლორული ანსამბლები ,,სიონი”, ,,ორბელი”, ,,ბოლნელა”, ,,ბოლნისი”, ,,ალილო”. მხატვარი და სცენოგრაფი დავით ჯამრიშვილი, ქორეოგრაფი თამარ რეხვიაშვილი, ხმის რეჟისორი არჩილ ბურჭულაძე, მუსიკალური რედაქტორი მალხაზ ერქვანიძე, კონსულტანტები ნანა ვალიშვილი და ზურაბ ხვედელიძე.

სპექტაკლი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს ეძღვნება.