17 აპრილი, 2015

ქართველი ანიმატორებისთვის ახალი პროექტი იწყება

1animaciaეროვნული კინოცენტრი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და „წიგნის სახლთან“ ერთად ქართველი ანიმატორებისთვის ერთობლივ პროექტს იწყებს.

“საბავშვო ლიტერატურაზე დაფუძნებული ანიმაციური ფილმის შექმნა” – ასეთია პროექტის კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც კინოცენტრი 18 აპრილს კინემატოგრაფისტებს, ანიმატორებსა და საბავშვო ლიტერატურის გამომცემლებს უმასპინძლებს. გამომცემლებს საშუალება ექნებათ დამსწრე საზოგადოებას შეხვედრაზე წარუდგინონ თავიანთი საუკეთესო საბავშვო გამოცემები.

“საქართველოში საბავშვო ანიმაციის მდიდარი სკოლა არსებობდა, თუმცა 90-იანმა წლებმა მასაც თავისი კვალი დაატყო. მოხდა თაობებში წყვეტა, მოიშალა ანიმაციური სტუდია, დღეს კი ქართველი ანიმატორების პროექტებს თანადგომა და ევროპულ სტანდარტებზე მორგება ესაჭიროებათ. სწორედ ამიტომ მოხდა ერთობლივი პროექტის წამოწყება, რომლის მიზანია ქართულ ანიმაციას დაუბრუნოს ის საბავშვო ლიტერატურა, რომელიც წარმატებით გამოიცემა საბავშვო წიგნების სახით,” – აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში.

ლიტერატურულ ტექსტებს ანიმაციაში გადატანა-გაცოცხლება ესაჭიროება, ამიტომ მაისის ბოლოს პროექტში გერმანული საბავშვო ანიმაციური სტუდია „ჰან სტუდია” ჩაერთვება, რომელსაც 35 წლიანი გამოცდილება აქვს სრულმეტრაჟიანი და ანიმაციური საბავშვო ფილმების წარმოებაში. სტუდიის ერთ-ერთი ბოლო პროექტია 26 სერიანი ანიმაციური სერიალი „1001 ღამე”.

საქართველოს სტუდიის მფლობელი და სამხატვრო ხელმძღვანელი გერჰარდ ჰანი ეწვევა, იგი წინასწარ გაეცნობა იმ საბავშვო ლიტერატურას, რაც საქართველოში გამოდის, შეარჩევს საუკეთესო პროექტებს, ჩაატარებს ვორქშოპს და მათ ევროპულ ბაზარზე ღირსეულად წარსადგენად მოამზადებს.

2016 წელს ამ პროექტების მიხედვით ფილმების დასაფინანსებლად კონკურსი გამოცხადდება.