14 აპრილი, 2015

ქართული ანბანის სამი სახეობა ეროვნულ არქივში გამოიფინა

1deda-enaდედა ენის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშების, ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ორიგინალები და ფოტოასლები, რაც ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპს ასახავს.

„დედაენის დღეს გახსნილი ეს ღონისძიება ასევე ეძღვნება „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურისათვის“ ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსის მინიჭებას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშები, რომელთა ნაწილი პირველად წარედგინა ფართო საზოგადოებას“, – განაცხადა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გამოფენის გახსნაზე.

გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება აქვს, იხილოს როგორც ქართველ მეფეთა და კათალიკოს-პატრიარქთა მიერ გაცემული საბუთები, ისე პალიმფსესტური ფურცლებისა და მინიატურების შემცველი უძვირფასესი ხელნაწერები. მათ შორისაა ანბანდიდი სახარება (IX საუკუნე), XII-XIII საუკუნეების მინიატურილი სახარება, ასევე, მინიატურული ლოცვანი, ჰიმნოგრაფიული კრებული, პალიმფსესტური სახარება, მარხვანი და სამოციქულო, გიორგი ერისთავის „გაყრა“ (XIX საუკუნე), დავით თუმანიშვილის საისტორიო კრებული (XIX საუკუნე) მეფეების: გიორგი მეორის, დავით IV აღმაშენებლის, თამარის, ლაშა-გიორგის სიგელები; არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის, კათოლიკოს ანტონ პირველის საბუთები და სხვა.

ექსპოზიცია ეროვნულ არქივში 8 მაისამდე გაგრძელდება და მისი დათვალიერება თავისუფალია.