15 აპრილი, 2015

,,ორი ვარსკვლავის’’ ფინალისტები ცნობილია

1oriმუსიკალურმა შოუმ “ორი ვარსკვლავი” ფინალისტები გამოავლინა. მომდევნო საკონკურსო ტურში სამმა ნახევარფინალისტმა წყვილმა ხათუნა ჟორდანიამ და გიო ხუციშვილმა, ელენე ფოჩხუამ და გოდერძი შარაშიამ და დაჩი კოპაძემ და ანანო მჟავიამ ორ-ორი მუსიკალური ნომერი შეასრულა – ქალაქური და დისკო სიმღერა.

მაყურებლის და ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტის მეორე სეზონის ფინალში მამაკაცი კონკურსანტები იბრძოლებენ თავის პროფესიონალ მომღერალ მეწყვილეებთან ერთად.

ნახევარფინალში აუთსაიდერებად გიო ხუციშვილისა და ხათუნა ჟორდანიას და ანანო მჟავიასა და დაჩი კოპაძის წყვილები დასახელდნენ, ფინალს მიღმა კი გიო და ხათუნა დარჩნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჟიურის ქულების შეფასებით ბოლო ადგილზე დაჩი კოპაძისა და ანანო მჟავიას წყვილი გავიდა, მაყურებლის მიერ ნაკლები ესემესი ხათუნა ჟორდანიასა და გიო ხუციშვილის წყვილს ერგო და შესაბამისად პროექტი სწორედ მათ დატოვეს.