27 აპრილი, 2015

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია იწყება

1yifianiხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია იწყება. პროექტის პრეზენტაცია უკვე გაიმართა, რომლის ხელმძღვანელია კახა ტრაპაიძე, მთავარი არქიტექტორი ნოდარ ამაშუკელი. პროექტის ღირებულება კი 900.000 ლარს აღწევს:

,,ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული და რესტავრირებულია დიმიტრი ყიფიანისეული შენობა და მინაშენის ნაწილი, რომელზეც შედარებით ადრეული XX საუკუნის I ნახევრის კვალი შეინიშნება. აგრეთვე გათვალისწინებულია მინაშენის დანარჩენი ნაწილის დემონტაჟი და ახალი მოცულობის მშენებლობა, რომელიც წარმოადგენს მეტალის და მინის კონსტრუქციებით აშენებულ მსუბუქ ნაგებობას. მუზეუმისთვის განკუთვნილი სივრცეები ძირითადად განლაგებულია შენობის თავდაპირველ ნაწილში. ორ ნაწილად გაყოფილ მინაშენში კი ადმინისტრაციის ნაწილი და დამხმარე სივრცეებია განთავსებული. ადმინისტრაციის ახალი კორპუსის მშენებლობისა და კომპლექსის სრული რეაბილიტაციის შემდეგ შესაძლებელია სახლ-მუზეუმის შენობიდან ადმინისტრაციისა და ბიბლიოთეკის გადატანა ახლადაშენებულ შენობაში, ხოლო გამოთავისუფლებულ სივრცეებში მუზეუმის დამატებითი ექსპოზიციების მოწყობა,” – აცხადებენ პროექტის ავტორები.

2014 წელს ხაშურელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი აქტიურად მუშაობდა სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის მოთხოვნით, მათ სოციალური კამპანიაც წამოიწყეს და მრავალი ღონისძიებაც დაგეგმეს. შარშან შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გაიცა დაპირება, რომ მუზეუმის რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის განხორციელება მაისში დაიწყება.