ბელა მირიანაშვილის საბედისწერო შეცდომა

ბელა მირიანაშვილის საბედისწერო შეცდომა

კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის სიყვარულზე ლეგენდები დღემდე დადის. ყველას სამაგალითოდ მიაჩნია ბატონი კახის გმირული საქციელი, რომელიც მან საყვარელი ქალის მიმართ გამოიჩინა და წლების განმავლობაში ხელის გულზე ატარა საყვარელი მეუღლე.

კახი კავსაძე ხშირად იხსენებს, რომ მეოთხე კურსზე იყო, როცა ინსტიტუტის ფოიეში თვალი მოჰკრა ბელა მირიანაშვილს და თვალთ დაუბნელდა. კახი კავსაძე დიდხანს უხმოდ ერტფოდა საყვარელ ქალს და დიდხანს ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ გადაწყვიტა მსახიობმა თავისი გრძნობების აფიშირება და მეგობრებთან ვახშამზე მისულმა საჯაროდ განაცხადა, გაიცანით, ეს ქალი ჩემი ცოლიაო. ბელა და კახი შეუღლდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბელა მირიანაშვილს უკვე ჰყავდა შვილი ნანუკა ხუსკივაძე, ამას წყვილისთვის ხელი არანაირად არ შეუშლია.

ირაკლიზე ორსულობა ბელა მირიანაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ხუთი თვის ორსული ავად გახდა, სიცხიანმა მაინც ითამაშა სპექტაკლში, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. მსახიობს ფილტვების ანთება დაემართა, მაგრამ ანტიბიოტიკებზე იმის შიშით თქვა უარი, ნაყოფს არ ავნოსო. მშობიარობის შემდეგ, ბელა მირიანაშვილის ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა და საბოლოოდ ის ლოგინს მიეჯაჭვა.

„მე ვიცოდი, რომ სცენაზე ვეღარ დავბრუნდებოდი და ამიტომ უფრო დიდი ზეამოცანა დავისახე მიზნად: რაც შეიძლება მაგრად დავხვედროდი ავადმყოფობას, რაც შეიძლება შორს გადამეწია მოსალოდნელი დასასრული, რომ ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრავმა არ მიმეყენებინა. და ვგონებ, ეს შევძელი კიდეც. ალბათ, სიყვარულმა შემაძლებინა. თუმცა თავს არაფრით ვიიმედებ. ვიცი, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი მომელის,“ – წერდა ბელა მირიანაშვილი.

ბელა მირიანაშვილმა დაავადებასთან ბრძოლაში 23 წელი გაატარა. 1992 წლის აგვისტოს ბოლოს მან მოსკოვში გადაღებებზე მყოფ მეუღლეს დაურეკა და თბილისში ჩასვლა სთხოვა. რასაკვირველია, კახიც მაშინვე თბილისში გაჩნდა. ისინი ერთად შეხვდნენ მარიამობის დღესასწაულს და სწორედ ამ დიდებულ დღესასწაულზე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა ულამაზესი მსახიობი ბელა მირიანაშვილი.