5 აპრილი, 2015

აკურის მონასტერი ინგრევა

1akuraთელავში მდებარე აკურის მონასტერი ინგრევა. ტაძარს სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება. მამადავთის ეკლესიის მდგომარეობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, დღითიდღე მძიმდება.

აკურის მონასტერი სამნავიანი ბაზილიკაა, რომელიც 855 წელს ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ ილარიონ ქართველმა დააარსა. მთავარი ნაგებობა მამადავითი რიყის ქვითა და აგურით არის ნაშენი. ბაზილიკა რამდენჯერმეა შეკეთებული. მონასტერი დავით გარეჯის უდაბნოთა მეტოქი იყო და მას ექვემდებარებოდა. ამ მონასტერში ცხოვრობდნენ ილარიონ ქართველის დედა და და. სწორედ ამით აიხსნება ჩრდილოეთ ნავის დანაწევრება ორ დამოუკიდებელ, მხოლოდ მათთვის გამოყოფილ სამლოცველოდ.

კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ მონასტერში მიიყვანა თავისი უფროსი და ქეთევანი და მონასტერს ნინოწმიდის ეპისკოპოსის სახელზე უბოძა სიგელი, რითაც საგრძნობლად გაუმჯობესდა მონასტრის მდგომარეობა. შეაკეთეს ნაგებობები და ზოგი რამ გადააკეთეს.
ამავე ხანას განეკუთვნება საკურთხევლის კანკელიც. მონასტრის ტერიტორიაზე, რომელსაც გარს უვლიდა ზღუდე, შემორჩენილია მარნისა და სხვა სამეურნეო დანიშნულების შენობათა ნაშთები.

ნგრევის პირას მისული მონასტრის გადარჩენას ადგილობრივი მაცხოვრებლები საკუთარი სახსრებით ცდილობენ, მაგრამ ძეგლის გადასარჩენად სპეციალისტების გააქტიურებაა საჭირო.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სარეაბილიტაციო პროექტი მომზადებულია, სამუშაოების დასაწყებად კი თანხები არ არის.