29 მარტი, 2015

,,სიმინდის კუნძული’’ გამარჯვებულია

simindi67გიორგი ოვაშვილის გახმაურებულმა ფილმმა “სიმინდის კუნძული” კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ფილმმა რიგით 30-ე ჯილდო ფრიბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიმსახურა და ის მაყურებლის რჩეული გახდა.

„სიმინდის კუნძული“ ქართული ფსიქოლოგიურ-დრამატული ფილმია და ის აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე მოგვითხრობს. ფილმში დიალოგი მინიმუმამდეა დაყვანილი. მთავარ როლებს თურქი მსახიობი ილიას სალმანი და არაპროფესიონალი დამწყები მსახიობი მარიამ ბუთურიშვილი ასრულებენ.

ფილმი ხელოვნურად შექმნილ კუნძულზეა გადაღებული. ხელოვნური კუნძული ტყიბულის წყალსაცავზე აშენდა, რომლის აგება განსაკუთრებულ ტექნიკურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მოქმედება მდინარე ენგურზე, გაზაფხულის წვიმების შედეგად წარმოქმნილ პატარა კუნძულზე ვითარდება, სადაც გლეხები გაზაფხულის წყალდიდობის შემდეგ წარმოქმნილ კუნძულებზე სიმინდის მოსაყვანად ნოყიერი ნიადაგის მოძებნას ცდილობენ. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საზღვარზე, მდინარე ენგურის მიერ შექმნილ პატარა კუნძულზე მოხუცი აფხაზი სახლდება თავის მოზარდ შვილიშვილთან ერთად, ფიცრულ ქოხს აშენებს და სიმინდს თესავს.

სცენარი ფილმისათვის სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა. „სიმინდის კუნძულის“ ბიუჯეტმა 1,5 მილიონი ევრო შეადგინა. ფილმი 6 ქვეყნის საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ყაზახეთისა და უნგრეთის ერთობლივი პროდუქციაა.

„სიმინდის კუნძული“ ქართველი პოლიტიკოსების კრიტიკის საგანი გახდა. დეპუტატებმა პარლამენტში დახურულ ჩვენებაზე ნახეს და შენიშვნა სურათის რეჟისორს პარლამენტის დერეფანშივე მისცეს. დეპუტატებიდან ყველაზე უკმაყოფილო გია ვოლსკი აღმოჩნდა, რომელიც მხატვრულ ფილმში „არასრულწლოვნის სექსუალობის ხაზგასმამ“ გააღიზიანა. ფილმის ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ მმართველმა გუნდის, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები. აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჩათვალეს, რომ ფილმში აფხაზეთის პრობლემა არასწორად არის დანახული, ქართველი კაცის სახე კი უარყოფითად არის წარმოჩენილი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ ფილმში პედოფილიის ნიშნებიც დაინახა, მაშინ, როცა მთავარ გმირს ნავში მსხდომი ქართველი მებრძოლები შეამჩნევენ.

ქართული მხარის მიერ ასეთი კრიტიკის მიუხედავად, „სიმინდის კუნძულმა“ კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა გრან-პრი „ბროლის გლობუსი“. სან-მარინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო პრიზი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის და პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის. მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო მთავარი პრიზი „ოქროს ანტიგონე“; კრიტიკის პრიზი; პრიზი საუკეთესო მუსიკისთვის; მაყურებლის პრიზი. საქართველოს მიერ წარდგენილი იყო ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს ნომინაციაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.