2 მარტი, 2015

საქართველოში გერმანული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია იწყება

Asureti_Church8საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის 2015 წლის პროგრამული პრიორიტეტის მიხედვით, გერმანული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციას იწყებს.

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გერმანული მემკვიდრეობის კვლევისა და შესწავლის შედეგად, ქვეყანას გერმანული კოლონიების, ისტორიული დასახლებების, მათი ურბანული ქსოვილის, საკულტო და საერო, საზოგადოებრივი, ინდუსტრიული და საცხოვრებელი არქიტექტურის უნიკალური ნიმუშების ამსახველი დოკუმენტაცია ექნება, რომელიც მათი შემდგომი რეაბილიტაციისა და პოპულარიზაციის საფუძველი გახდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული სატენდერო პირობების თანახმად, პროექტს „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი“, ძეგლთა დაცვის სფეროში მომუშავე მაღალ პროფესიული სპეციალისტების მონაწილეობით განახორციელებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ გოეთეს ინსტიტუტში მედიას პროექტის მონაწილე სპეციალისტები წარუდგინა და კულტურული მემკვდრეობის მთავარი მიმართულების – ინვენტარიზაციის მნიშვნელობა გააცნო, რომლის ფარგლებში ეროვნულ სააგენტოს რამდენიმე მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული და დღემდე ძეგლთა მართვის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

გოეთეს ინსტიტუტში ასევე წარმოდგენილი იქნა გერმანული არქიტექტურის ამსახველი გამოფენაც.