20 მარტი, 2015

პატრიარქის საგალობლები ქველმოქმედებისთვის აჟღერდება

patriarqi7სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საგალობლები ქველმოქმედებისთვის აჟღერდება.

2 აპრილს აუტიზმის საერთაშორისო დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება დიდი გალაკონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ოპერის თეატრის გუნდი, სამების საპატრიარქო გუნდი და აღიარებული ქართველი სოლისტები.

პირველად ეს დღე საქართველოში შარშან აღინიშნა ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტის დათუნა ალადაშვილისა და ერთ-ერთი მშობლის ინიციატივით, ამ იდეას მაშინ გვერდით დაუდგა მარინა ბერიძე. წელს უფრო მასშტაბური აქციაა დაგეგმილი თბილისის საკონცერტო დარბაზში.’განსაკუთრებული ბავშვების’ დასახმარებლად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნაწარმოებები შესრულდება და ყოველ ადამიანს ექნება შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს ამ კეთილ საქმეში. შემოსული თანხა მოხმარდება ამ ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრის ტექნიკურ აღჭურვას.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს შენობებს ანათებენ ცისფერი ფერით, განათდება ფილარმონიაც. 2 აპრილს დაგეგმილი საღამოს მთავარი ორგანიზატორები მშობლები არიან, რომელთა სურვილია მათ შვილებს შეეძლოთ განვითარება და საზოგადოება მათ აღიქვამდეს სრულფასოვან წევრებად. ბევრი მათგანი სრულიად განსაკუთრებული ტალანტით არის დაჯილდოვებული და არავინ იცის საზოგადოების თანადგომის შემთხვევაში როგორი დიდი მომავალი ელოდება.