13 მარტი, 2015

მერი დავითაშვილის აუხდენელი ოცნება

meriu8მერი დავითაშვილი – ეს სახელი და გვარი ნებისმიერ ქართველს საუკეთესო საბავშვო მელოდიებს და ანიმაციურ ფილმებს გაახსენებს, თუმცა კომპოზიტორი მხოლოდ ამ ჟანრში არ მოღვაწეობდა. მერი დავითაშვილს, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოს და მის სიყვარულს შეალია, ყველაზე დიდ ჯილდოდ მსმენელის უსაზღვრო სიყვარული მიაჩნდა.

“არტინფო” გთავაზობთ საინტერესო ისტორიებს კომპოზიტორის ინტერვიუებიდან:

***

“რაც თავი მახსოვს, სულ ვმუშაობ, სულ რაღაცას ვქმნი. ეს ჩვევაში გადამივიდა და არ შემიძლია რაღაც არ გავაკეთო, თუმცა რამდენად გამომდის, ეს უკვე ხალხის შესაფასებელია. ისე მქონდა მთელი ცხოვრება აწყობილი, რომ ყოველთვის გარკვეულ დროს ვმუშაობდი, განსაკუთრებით დილის საათებში და ასე შევქმენი ჩემი რეპერტუარი. სულ ვწერ და რა ვქნა? ვერ ვჩერდები. ბიძინა კვერნაძემ იცოდა თქმა, წერას ვყავარ ატანილიო. ასე ვარ მეც. ბოლო დროს ორი ლოცვა დავწერე, თუმცა ეკლესიური არ არის, ორივე ლოცვა გუნდისთვის არის შექმნილი. ახალციხელი პოეტის დურმიშხან ბერიძის ლექსები ჩამივარდა ხელში და გაოცებული დავრჩი. ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტექსტს, როცა რაღაცას ვაკეთებ. თუ ტექსტი არ მოვიდა ჩემამდე, ისე ვერაფერს დავწერ. ჩემს ლოცვაში შოთა რუსთაველი ლოცულობს და ღმერთს ეხვეწება, ღმერთო, გადამირჩინე საქართველოო. ისეთი კარგი ტექსტია, მაშინვე დავწერე ლოცვა გუნდისათვის და სოლისტისთვის. ეს ნაწარმოები უკვე შესრულდა რუსთაველის თეატრში, სადაც შეხვედრა მქონდა. პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა. ამის შემდეგ შემთხვევით წავაწყდი ანა კალანდაძის ლექსს, რომელმაც მეორე ლოცვა დამაწერინა. ანა კალანდაძე ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. რამეს ახალს რომ დაწერდა, პირველად მე წამაკითხებდა ხოლმე ყოველთვის. ანას აქვს ლოცვა, რომელიც თამარზე აქვს დაწერილი და იქ უკვე თამარი ლოცულობს, ჯარი ბრძოლაში მიდის და ღმერთს მის გამარჯვებას ეხვეწება. სიმბოლურად გამოვიდა – პირველ ლოცვაში შოთა რუსთაველი ლოცულობს, ხოლო მეორეში – თამარ მეფე.”

***

“ბევრი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები მაქვს დაწერილი, თუმცა პირველ რიგში საბავშვო კომპოზიტორად ვარ ცნობილი და ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. პირველი საბავშვო სიმღერა ჩემი შვილისთვის გავაკეთე, შინაურულად, მერე ეს სიმღერები ძალიან პოპულარული გახდა. სულაც არ მწყინს საბავშვო კომპოზიტორს რომ მეძახიან. ძალიან მიყვარს ბავშვები, საოცრად კარგები არიან, ალალები, სუფთები. ისინი ჩვენი მომავალია. იცით რამხელა საჩუქარია ბავშვებს რომ უყვართ შენი სიმღერები? ყველაზე დიდი. რომ შემხვდებიან ქუჩაში და მეტყვიან, ქალბატონო მერი, თქვენს სიმღერებზე გავიზარდეთო, ეს ჩემთვის უდიდესი ჯილდოა. ამაზე უკეთესი მართლა არაფერი შემეძლო გამეკეთებინა. ჩემს შემოქმედებაზე თაობები გაიზარდა და ამით ბედნიერი ვარ. ახლა მეცინება, მაგრამ როცა “ეს საწყალი კურდღელი” დავწერე, არ მეგონა, თუ ასეთი პოპულარული გახდებოდა, ან თუნდაც “ჩიტო, ჩიტო ნაცარა”. უცხოელებიც კი მღერიან. სიმღერას “ეს საწყალი კურდღელი” იტალიაშიც ასრულებენ. ის კი არადა, კორსიკელებმაც იმღერეს: აქ ჩამოვიდნენ, იმღერეს და გუნდისთვისაც დაამუშავეს. საქართველოში რომ იმღერეს, ხალხმა სიცილი ატეხა, ხომ ესომოდათ ტექსტი რაზე იყო, კორსიკელები კი ისეთი გაკვირვებულები იყვნენ, ვერ გაეგოთ, რატომ იცინოდნენ მაყურებლები, მერე აუხსნეს, რომ კურდღელზეა სიმღერაო და დამშვიდნენ. ისეთი სასიამოვნო მომენტები მაქვს მოსაგონარი, მოსაყოლად მთელი ცხოვრება არ მეყოფა.”

***

“ბედმა გამიღიმა, რომ ჩემი სიმღერები სრულდება. როცა ადამიანი წერ, ამდენს მუშაობ და თუ არავინ შეასრულა და მხოლოდ თაროზე შემოდე, რაღად გინდა ეს ნაწარმოებები? ჩემს შემთხვევაში ასეთი პრობლემა არ ყოფილა. ერთადერთი საესტრადო მიმართულებით არასდროს მიმუშავია და არც ვიმუშავებ. არ მაინტერესებს მასიური სიმღერები. რას ვერჩი სხვებს, ბევრი კარგი სიმღერა არსებობს, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს ჟანრი უინტერესოა. ნანი ბრეგვაძე ახალგაზრდა რომ იყო, მეხვეწებოდა, დამიწერე სიმღერაო, მაგრამ ვერ დავუწერე, არ მეწერინებოდა და რა მექნა? საესტრადო ჟანრი ჩემთვის არის გასართობი მუსიკა, რაც არ მაინტერესებს. ჩემთვის მუსიკას დიდი მნიშვნელობა აქვს და არაჩვეულებრივი ფაქტორია აღზრდის საკითხში. ის უპირველესია ბავშვებისთვის. ძველი ბერძნებიდან მოყოლებული შემორჩენილია როგორ ასწავლიდნენ ბავშვებს და ცნობილია, რომ მუსიკა მათ სწავლებაში ყოველთვის იყო. შეიძლება არ ყოლფილიყო ხატვა, ძერწვა ან ხელოვნების სხვა დარგი, მაგრამ მუსიკა იყო ყოველთვის. მუსიკა საოცარი ფენომენია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვინც მუსიკას მიყვება, ის ძალაუნებურად იხვეწება, გემოვნება, ადამიანობა უყალიბდება, უფრო ჰუმანურია. მუსიკა არაჩველუბრივად ზრდის ადამიანს. ესტრადა კი გასართობია და იშვიათად რომ საესტრადო ჟანრიდან ისეთი უნიკალური მომღერალი გამოვიდეს, როგორიც თამრიკო გვერდწითელია. ის ჩემთან სწავლობდა საკომპოზიციოზე და მაშინვე მივხვდი, რომ არაჩვეულებრივი მომღერალი იქნებოდა და თვითონ მივიყვანე “მზიურში”. ბევრისთვის შემიწყვია ხელი. მახსოვს ასეთი ფაქტიც – დედამ მომიყვანა ძალიან კარგი ბიჭი, რამე მიშველე, თავს ანებებს მუსიკას და არ მინდა თავი დაანებოსო. დავიბარე ის ბიჭი, ძალიან მოვეფერე და გაჭრა. მოფერება ყველას უყვარს. პატარა დავალებაც მივეცი და ისე აიტაცა ჩემი სიტყვა, დამიჯერა და დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსია მსოფლიოში. მერე წავიდა უცხოეთში, ახლა ამერიკაშია პიანისტი და ბრწყინვალე ადამიანია. არადა, მუსიკისთვის თავის დანებებას აპირებდა.”

***

“მომავალ კომპოზიტორებს ვზრდი. მათთან სიამოვნებით ვმუშაობ, ძალიან კარგი თაობა მოდის, ყოველთვის ასე იყო და ახლაც გრძელდება. ბავშვი სწორ გზაზე უნდა დააყენო, თუკი ესტრადაზე წავა, მერე იქიდან აღარაფერი გამოვა, ვეღარ შემოაბრუნებ. გამონაკლისები არის, მაგრამ მთავარია, ბავშვს სწორი მიმართულება მისცე. ჩემს ახალგაზრდობას რომ ვიხსენებ, მთავარია სწორი მიმართულება, გონების გახსნა და მერე თვითონ აკეთებენ ყველაფერს. ნიჭიერი ბავშვები გვყავს და მენანება, რომ აქ საკადრისი ყურადღება არ ექცევათ, დაფასება არ აქვთ, არადა, საზღვარგარეთ წავლენ თუ არა, ლაურეატები ჩამოდიან. პროპაგანდას კი უწევენ ისეთ ბავშვებს, რომელსაც თქვენ თვითონაც კარგად ხედავთ. რეალურად ნიჭიერი ბავშვები კი დაჩარგრულად მეჩვენებიან და მათი გამოყვანა მინდა ხოლმე ფართო საზოგადოების წინაშე. რაც შეეხება მუსიკას, შეიძლება მუსიკოსი არც გაზარდო, მაგრამ მუსიკა მას იმდენად წესიერ პიროვნებად აყალიბებს, რომ სხვა სპეციალობაშიც უკვე წარმატებული ადამიანი იქნება. ამაზე დაკვირვებებია ჩატარებული და სხვა დარგებშიც კარგები არიან, ისეთ ჩვევებს უნვითარებს მუსიკა – დროის შეგრძნება იციან, კარგის და ცუდის გარჩევა, კარგი გემოვნება აქვთ.”

***

“ძალიან გულდასაწყვეტია, რომ კლასიკური მუსიკა მასიურად არ არის პოპულარული, ამიტომ ახალ ნაწარმოებებსაც ძალიან ძნელად ვაჟღერებთ. ჩემი ორი ოპერა “ქაჯანა” და “ნაცარქექია” იდგმებოდა თეატრში და მგონია, რომ ეს დროებითი ამბავია, მოვლენ აზრზე და მიხვდებიან, რომ ჭეშმარიტ მუსიკას უნდა უსმინონ. მეცოზე ნახეთ, როგორ უსმენს საზოგადოება კლასიკურ მუსიკას, როგორ ყურაღდებით არიან. მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩვენთან დროებითია და მუსიკა აუცილებლად ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ საჭიროა ამ ყველაფრის პროპაგანდა და პოპულარიზაცია. ძალიან კარგი კონცერტი რომ მოაწყო, კარგი ორკეტრი მოიწვიო, კარგი დირიჟორებიც გვყავს და დამიჯერეთ, ხალხი სიამოვნებით მოვა, თან ქართველებმა ადვილად იციან ატაცება და ჩვენც ასე უნდა გავაკეთოთ. ღია ცის ქვეშ რომ მოვაწყოთ კონცერტები, ძალიან ბევრი ხალხი ივლის, თუნდაც ჯვარზე რომ მოვაწყოთ ასეთი კონცერტი, წარმოგიდგენიათ რამდენი ადამიანი მოვა? ამ ყველაფერში ტელევიზიაც სცოდავს. რასაც უკეთებენ პროპაგანდას, ხალხიც იმას იტაცებს. არ არსებობს ვერ გაიგოს ხალხმა კლასიკური ნაწარმოები, თან დღევანდელ დღეს როგორ მაღალ დონეზეა ჩვენი მუსიკა, მაგრამ ქართველებს ერთი მავნე ჩვევა გვაქვს – ჩვენიანის დაფასება არ ვიცით. ისეთი დიდი კომპოზიტორი, როგორიც გია ყანჩელია, ქართველებისთვის უდიდესი საჩუქარია, დიდი ხანია ასეთი გენიოსი არ გვყოლია. გავიდა საზღვრებს გარეთ და იქ არის როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი კომპოზიტორი. ჩვენთან კი გია ყანჩელის მხოლოდ საესტრადო ნაწარმოებები სრულდება, არადა, მარტო საესტრადო აქვს დაწერილი? კაცი ამდენ რაღაცას წერს, გადასარევი კომპოზიტორია, ასეთი გყავდეს და არ ასრულებდე, დანაშაული მგონია. მსმენელი კი დადის, მაგრამ იმდენი არა, რამდენიც საჭიროა. ახალგაზრდების სულიერი აღზრდისთვის ასეთი მუსიკა უმნიშვნელოვანესია.”

***

“ძალიან ბევრი ნაწარმოები მაქვს, რომელიც არასდროს შესრულებულა. წინათ უფრო მეტი ყურადღება იყო. სულ ახალგაზრდა ვიყავი და ორკესტრი მზად იყო შეესრულებინა ჩემი ნაწარმოები. ჩვენთან იცით რა არის რთული? ნაწარმოებები ჩაიწეროს და დარჩეს. ძალიან კარგი სტუდია გვქონდა “მელოდია”, რომელიც დაანგრიეს, ეს იყო უნიკალური დარბაზი, აკუსტიკურად გენიალური, იქ ორკესტრიც იწერებოდა, კამერულიც იწერებოდა, მისი დანგრევა უდიდესი შეცდომა იყო. ასეთი ბევრი პრობლემაა ჩვენს წინაშე და მჯერა, რომ მოგვარდება. სამაგიეროდ, ჩემი კრებულები ინტენსიურად გამოდის. ამ მხრივ დაჩაგრულად არ ვგრძნობ თავს, თვითონ არიან დაინტერესებული და მთხოვენ კრებულების გამოცემას. ყველა ასაკის ადამიანისთვის მაქვს დაწერილი ნაწამროებები – 3 წლიდან დაწყებული, ზრდასრული მსმენელებით და ოპერებით დამთავრებული. ორი ჩემი ოპერა “ნაცარქექია” და “ქაჯანა” დიდი წარმატებით სარგებლობდა ბავშვებში. “ნაცარქექიისთვის” რუსთაველის პრემიაც კი მომანიჭეს. ჩემი ოცნებაა, ეს ორი ოპერა აღდგეს. ეს პირველ რიგში, ბავშვებისთვის არის საჭირო, თუმცა ჩემთვისაც, რა თქმა უნდა, კარგია. ბავშვები რამდენჯერმეც კი მოდიოდნენ ამ ოპერების სანახავად. ახლანადელ ბავშვებს კი არაფერი აქვთ. ალბათ ოპერა რომ განახლდება რამეს იფიქრებენ. მიმაჩნია, რომ ბავშვები ჩვენს ეროვნულ ნაწარმოებებზე უნდა აღიზარდნონ. კიდევ კარგი, უნიკალური ხალხური ნაწარმოებები გვაქვს და მას უსმენენ ბავშვები, მაგრამ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებსაც უნდა იცნობდნენ. ამდენი კომპოზიტორი მუშაობს და აქვთ ნაწარმოებები, რომლებიც ოქროს ფონდშია შესული და რატომ არ უნდა შესრულდეს? არ ვამბობ, რომ აუცილებელია ქართველი კომპოზიტორების ყველა ნაწარმოები იყოს შესრულებული, მაგრამ ხალხს რაც მოეწონება, ის უნდა დაიდგას.”

***

“ოცნება ამიხდა და თბილისის საპატიო მოქალაქე გავხდი. არაფერი არ მინდა იმის გარდა, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, ერთიანობა და მოვესწრო გაერთიანებულ საქართველოს. ყოველ დღე ამაზე ვლოცულობ, ჩემს ლოცვებშიც ვეხვეწები ღმერთს, რომ გავერთიანდეთ. ძალიან კარგი ქვეყანაა საქართველო, ამაზე ბევრი ლაპარაკი შემიძლია. გარდა იმისა, რომ ჩემი მთელი შემოქმედებით ჩემი ქვეყნის ქებაში ვიყავი, ისედაც ძალიან მიყვარს, რადგან მართლაც რჩეული ქვეყანაა თავისი ბუნებით და არაჩვეულებრივი ხალხით. იმდენად მიყვარს ჩემი ხალხი, რომ გაუთავებლად ვმოგზაურობდი ხოლმე. ჩემი სერიოზული გატაცება მოგზაურობა იყო, მოვლილი მაქვს მთელი საქართველო, ხალხთან ურთიერთობა კი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. არ მიყვარს იუბილეები, ამის კატეგორიული წინაამღდეგი ვარ. საერთოდ არ მიყვარს ქება, ცუდად ვხდები ხოლმე. როცა ვალდებული ვარ დავწერო ნაწარმოებები, ჩავატარო საანგარიშო კონცერტები, ეს მესმის. უნდოდათ ჩემი საიუბილეო კონცერტის ჩატარება, მაგრამ კატეგორიული უარი განვაცხადე, მერე გავიგე, რომ არც ილია ჭავჭავაძეს და არც იაკობ გოგებაშვილს იუბილე არ გადაუხდიათ. ამისთანა ხალხს არ მიაჩნდათ იუბილეები საჭიროდ და მე ვინა ვარ?”