Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლაშა თაბუკაშვილი: ,,ამის დავიწყება შეუძლებელია”

lasha-tabu2მწერალი და დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი არ მალავს, რომ მის ცხოვრებაში მრავლად იყო განსაკუთრებული მომენტები, რომელთა დავიწყებაც მისთვის შეუძლებელია. ეს მისი განუმეორებელი მშობლების რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის დამსახურებაა. ერთ-ერთი ასეთი დაუვიწყარი დღე ბატონი ლაშასთვის 1956 წლის 9 მარტია.

როგორც მწერალი განმარტავს, 5 წლის ბავშვისთვის რთულია რამის მკაფიოდ დამახსოვრება, თუმცა მის გონებაში ეს დღე განსაკუთრებული შემთხვევის გამო სამუდამოდ აღიბეჭდა:

“ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში… ტყვიით ფეხში დაჭრილი ბიჭი მამამ და დედამ რომ ამოიყვანეს სახლში… სროლა… ჩემი ძიძა, ნასტია პირჯვარს რომ მაწერინებდა ფანჯარასთან… ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე…

მეძინა… რეზო მოვიდა გვიან… ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“

მერე ძირს დამსვა და აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად… ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, რატომ დაინდეს ან ერთი ან მეორე… ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო…“