12 მარტი, 2015

გრაკლიანს ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭება

grakliani4გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი საზოგადოებრივი ცხოვრების 300.000 წლიანი უწყვეტი განვითარების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივაა, მთავრობამ აღმოუჩინოს მხარდაჭერა და გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიანიჭოს. გრაკლიანი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური მიმართულების საპრეზენტაციო დარბაზში გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე გამოვლენილი უძველესი არტეფაქტები გამოიფინა და უძველესი ყოფის ამსახველი გარემო გაცოცხლდა.

ახლადაღმოჩენილი გრაკლიანი, რომელიც თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის მშენებლობის დროს 2007 წელს გამოვლინდა, ყოველწლიური არქეოლოგიური კვლევების შედეგად, (ექსპედიციის ხელმძღვანელი პროფესორი ვახტანგ ლიჩელი) ახალ და მნიშვნელოვან ინფორაციას იძლევა. ადგილზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნიკალურია და გრაკლინის უწყვეტი განვითარების ისტორიას ადასტურებს. გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში – საფრნაგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში. გრაკლიანის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხში დაინტერესებულია იკრომისგენერალური დირექტორი სტეფანო დე კარო.
დარგის სპეციალისტების თვალსაზრისით, თითქმის ყველა საფუძველია შექმნილი, რომ გრაკლიანმა დამსახურებულად მოიპოვოს ეროვნული კატეგორიის სტატუსი, რაც მისი დაცვისა და განვითარების მექანიზმებს კიდევ უფრო გაამყარებს. გრაკლიანის უდიდესო კოლექციის მნიშვნელოვანი ექსპონატებია – ოქროს დისკო – ძვ. წ.აღ IVათასწლეული. მისი ერთადერთი ანალოგი არსებობს ირანში ქალაქ სუზაში; საბეჭდავი – ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით თარიღდება, მისი ანალოგი არსებობს სამხრეთ მესოპოტამიაში ქალაქ ურუკში და პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომები იცვლება შენობის მოცულობის შესაბამისად და შემკულია დეკორატიული ელემენტებით.

გრაკლიანის გორა წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების 300.000 წლიანი უწყვეტი განვითარება დასტურდება ქვის ხანიდან დაწყებული რომაული პერიოდის ჩათვლით. იქ გამოვლენილ ტერასებზე ინტენსიურად განლაგებულია საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, ტაძრები და სამარხები, რომლებიც ძვ.წ. IV-ახ.წ I ათასწლეულებს განეკუთვნება.

გრაკლიანის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს მესამე ტერასაზე გამოვლენილი უნიკალური არქიტექტურული ნაშთი – სატაძრო კომპლექსი (ძვ.წ. 400 – 350წლები), რომლის სიგანე 25 მეტრია, სიგრძე კი 6 მეტრი. სატაძრო კომპლექსში შემონახულია თიხის თხელი ფენით შელესილი და დეკორით შემკული 2 მეტრის სიმაღლის კედლები, რომლის ინტერიერში სარიტუალო ღუმელები და საკურთხევლებია შემორჩენილი. ადგილზე აღმოჩენილ მასალათა შორის ყველაზე დიდი რაოდენობით კერამიკაა, ასევე ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ნივთები.