“მანდარინების” რეჟისორი ზაზა ურუშაძე დააჯილდოვეს. ქართველი რეჟისორი, რომლისთვისაც ბოლო პერიოდი განსაკუთრებით წარმატებულია, კიდევ ერთი საპატიო პრიზის მფლობელი გახდა.
მას ჟურნალმა “ეგო” ტრადიციულ დაჯილდოების ცერემონიალზე მიანიჭა წლის საუკეთესო რეჟისორის წოდება და სპეციალური პრიზიც გადასცა.
ეს სასიამოვნო ინფორმაცია მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა:
“ზაზა ურუშაძეს ვულოცავ ჟურნალ “ეგოს” მიერ დაწესებულ ნომინაციებში წლის საუკეთესო რეჟისორის პრიზს, ნინო კასრაძეს ვულოცავ წლის საუკეთესო მსახიობის პრიზს!”
პრიზების ნაკლებობას კინორეჟისორი ნამდვილად არ განიცდის, მისი ყველა ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალებზე არაერთგზის პრიზიორია, თუმცა ყველაზე დიდი მოლოდინი მაინც ოსკარების დაჯილდოებაა, რომელიც დოლბის თეატრში 22 თებერვალს გაიმართება. ზაზა ურუშაძის ”მანდარინები” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზეა წარდგენილი.