25 თებერვალი, 2015

ახმეტელის თეატრში პრემიერაა

piter-peni2ახმეტელის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. 28 თებერვალს და პირველ მარტს რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილის სპექტაკლის “პიტერ პენის თავგადასავალი” პრემიერა გაიმართება, რომელიც მან ჯეიმს მეთიუ ბარის ნაწარმოების მიხედვით დადგა.

პიტერ პენი – ცელქი ბიჭუნა კუნძულიდან “არა იყო რა”, ბიჭუნა, რომელსაც ფრენა შეუძლია და რომელიც არასოდეს ბერდება, ფერია წკრინ ბელისა და ვენდის დახმარებით მეგობრებთან ერთად ბოროტ მეკობრეებს ებრძვის. კაპიტანი კაუჭა მრავალი ხრიკის გამოყენებით ცდილობს კუნძული პიტერ პენსა და ბავშვებს დაატოვებინოს, მაგრამ “არა იყო რა” ხომ ზღაპრული კუნძულია, ზღაპრის ბოლო კი ყოველთვის კეთილია, ამიტომ პიტერ პენი მეგობრებთან ერთად ბოროტებას ამარცხებს.

მიმდინარე სეზონზე პიტერ პენი მესამე საბავშვო სპექტაკლია, რომელიც ახმეტელის თეატრში განხორციელდა, რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით ზღაპარი “რაპუნცელი” დადგა, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ და რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა კი ასტრიდ ლენდგრენის ცნობილი ნაწარმოები პეპი გრძელი წინდა მიუზიკლად განახორციელეს.

ახალ სპექტაკლში მონაწილეობენ გიორგი ჭუმბურიძე, გვანცა კანდელაკი, შორენა ზუბიაშვილი, სოფია სებისკვერაძე, მაიკო ვაწაძე, გიგი მიგრიაული, მამუკა მაზავრიშვილი, ვაჟა ციცილოშვილი, კახა ჯოხაძე, ჯაბა ჯაფარიძე და გაგა მახათაძე. სპექტაკლის მხატვრულ მხარეზე მარიკა კვაჭაძემ იზრუნა.