31 იანვარი, 2015

ვინ აიძულა ჯანლუკა მარჩანოს საქართველოდან წასვლა?

gianluca_marciano3იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო საქართველოდან მიდის. ის 5 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრთან და არაერთი კონცერტიც გამართა.

ინფორმაციას ჯანლუკას საქართველოდან წასვლის თაობაზე საოპერო დასის ერთ-ერთი წარმომადგენელი გოჩა დათუბანი ავრცელებს. ის მაესტროს სოციალურ ქსელში ემშვიდობება:

“მე მინდა და უნდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, კაცს, ვაჟკაცს და ადამიანს და მერე დირიჟორს, რომელმაც დიდი შრომა გასწია 5 წლის განმავლობაში ჩვენს თეატრში, იმისთვის რომ იტალიური სურნელი მდგარიყო როგორც მინიმუმ იტალიური რეპერტუარის შესრულებისას… სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო, ჯანლუკა მარჩანო ცოტა ხნით გვტოვებს. მიზეზებს ყველა მალე გაიგებს, უბრალოდ ცოტა დროა საჭირო. მადლობა ჯანლუკა, ყველაფრისთვის, იმედია მალე დაბრუნდები და არაერთხელ მოგვიწევს გარჯა სცენაზე საქართველოში, იმიტომ რომ შენ აქ უყვარხარ ყველას, ვისაც ნამდვილი მუსიკა უყვარს და ესმის. მინდა იცოდე, რომ ვინც შენ გაიძულა გადაგედგა ეს ნაბიჯი, თვითონ მოგყვება უკან, უბრალოდ ერთი განსხვავებით, შენ დაბრუნდები, ის ვერა. ვერასდროს! შენთან ერთად მუშაობა დიდი სკოლა და პატივი იყო ჩემთვის.”