26 იანვარი, 2015

თსუ-ში რომანის პრეზენტაცია გაიმართება

axalkaci131 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მერვე კორპუსში დოკუმენტური რომანის ,,გამოცდა ხელბორკილით” პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ტოტალიტარიზმის კრიტიკაა რეალური გმირებით.

რომანის ავტორი პროზაიკოსი ალექსანდრე ახალკაცია. “გამოცდა ხელბორკილებით” წიგნად შეკრული რეალური ამბები და ავტობიოგრაფიული ქრონიკებია, რასაც ავტორი თავისებური, გამორჩეული მხატვრული ხერხით მოუთხრობს მკითხველს. ეს პატიმრის ისტორიაა, რომელიც ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორ საზრდოობენ ე.წ. რეჟიმები უდანაშაულო მსხვერპლით. თუმცა, თუ იბრძვი, არ ნებდები და ამ უდანაშაულო ბრძოლაში მთავარ იარაღად სიმართლეს იყენებ, ცხოვრებას, თუნდაც გისოსებს მიღმა, აზრი და მიზანი ეძლევა.

ნაწარმოები იქმნებოდა გისოსებს მიღმა 2010-2011 წლებში მთვარის შუქზე. მისი გარკვეული ნაწილი ციხეშივე განადგურდა სისტემის ჯალათების მიერ. თუმცა რომანის ციხიდან მალულად გამოგზავნილი ხელნაწერები ვერ აღმოაჩინეს და ის გადარჩა.